Mastercard vs VISA - ვინ რა წილს ფლობს სადებეტო ბარათების ბაზარზე
მიმოქცევაში არსებული აქტიური სადებეტო ბარათების 52.1%-ი Mastercard-ს ეკუთვნის, ხოლო 31.3% VISA-ს.
სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წლის ივნისის ბოლოსთვის მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობამ 7 728 194 ერთეული შეადგინა, საიდანაც 4 027 432 ბარათი ეკუთვნის Mastercard-ს (EC/MC), ხოლო 2 419 867 VISA-ს. თვიურ ჭრილში აქტიური Mastercard-ის სადებეტო ბარათების რაოდენობა 0.08%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო VISA 1.2%-იან ზრდას.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ბაზრის 16,6%-ის კი სხვადასხვა სახის სადებეტო ბარათებზე მოდის. მთლიანობაში საუბარია სულ 1 280 895 ერთეულ ბაზაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის ივნისში მაისთან შედარებით მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა 0.8%-ითაა გაზრდილი. აპრილის მონაცემებით მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა 7 728 194 ერთეულს შეადგენდა.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.