მათ ვერ გაუძლეს პოლიტიკურ ზეწოლას - ნათია თურნავა სებ-ის საბჭოს წევრების გადადგომაზე
ჩემდა სამწუხაროდ ეს უნდა ვთქვა, მათ ვერ გაუძლეს პოლიტიკურ ზეწოლას, თუმცა ეს არ შექმნის არანაირ წყვეტას ჩვენ საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა დაწერეს განცხადებები, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, სებ-ის საბჭოს წევრების გადაწყვეტილების მიუხედავად ეროვნული ბანკის ფუნქციონირების პრობლემა არ შეიქმნება.
„ეროვნული ბანკი სტაბილურად ფუნქციონირებდა და ასევე გააგრძელებს. რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია, რაც ახლა განვითარდა და აქ მე ვხედავ დიდი დოზით პოლიტიკის ჩარევას და პოლიტიკური ზეწოლის მცდელობას. პრაქტიკულად, კლასიკური პოლიტიკური ზეწოლის მაგალითია, რაც ახლა ეროვნული ბანკის, საბჭოს ირგვლივ ვითარდება. ჩემზე ეს არ მოქმედებს. მე ზოგადად არ ვექვემდებარები არანაირ ზეწოლას და ამით მინდა ვუპასუხო იმ პოლიტიკოსებს და კრიტიკოსებს, ვინც ამბობს, რომ ვინმეს გავლენით ან ზეწოლით მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება.
ეს იყო ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის დისკრეცია და ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად მართებული. მე აბსოლუტურად მშვიდად ვარ ამასთან დაკავშირებით. მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ კონსტიტუციას შეესაბამება, ჩვენ მოქალაქეებს წაადგება და მეტად დაიცავს. რაც შეეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ყველას აქვს სხვადასხვა დოზის ამტანობა ამ ზეწოლის მიმართ. არ ვიცი რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება პროფესიონალმა კოლეგებმა. უფრო სწორად ვიცი, ეს არის უფრო მეტი დოზით პოლიტიზებული გადაწყვეტილება.
ჩემდა სამწუხაროდ ეს უნდა ვთქვა, მათ ვერ გაუძლეს პოლიტიკურ ზეწოლას, თუმცა ეს არ შექმნის არანაირ წყვეტას ჩვენ საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა დაწერეს განცხადებები. მათ შორის ერთ-ერთი, არჩილ მესტვირიშვილი ძალიან კარგი პროფესიონალია, მაგრამ ორ თვეში ისედაც უმთავრდებოდა მას საბჭოში ყოფნის ვადა და აქ ცალსახად დემონსტრაციული აქტი იყო ალბათ. ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან სამწუხაროა, მაგრამ საბჭოში და დარჩნენ სხვა, არანაკლებ პროფესიონალი წევრები, უფრო მეტი პასუხისმგებლობით გამსჭვალული წევრები ამ ორგანიზაციის მიმართ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
20 სექტენბერს ეროვნული ბანკის საბჭოს სამმა წევრმა თანამდებობა დატოვა. სებ-იდან წავიდა ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძეც.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.