მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ფინანსებზე წვდომის ხელშეწყობით მდგრადი და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის ძლიერ საფუძველს ვქმნით - ნათია თურნავა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ "ტერაბანკსა" და ნიდერლანდების განვითარების ბანკს (FMO) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
შეთანხმების თანახმად, "ტერაბანკი" საქართველოში პირველი ბანკი იქნება, რომელიც ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) საგარანტიო პროგრამა NASIRA-ს განხორციელებას დაიწყებს. პროგრამა ქვეყანაში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. პროგრამა ევროკავშირისა და ნიდერლანდების მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.
NASIRA სასესხო პორტფელის გარანტიას წარმოადგენს. იგი ეხმარება ფინანსურ ინსტიტუტებს, გააფართოონ საკრედიტო საქმიანობა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთონ მცირე ფერმერებზე, მეწარმე ქალებსა და ახალგაზრდა მეწარმეებზე, რომლებიც, უზრუნველყოფის არარსებობისა და მაღალი საკრედიტო რისკების გამო, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით სირთულეებს ხშირად აწყდებიან. პროგრამის დახმარებით, ფინანსური ინსტიტუტები შეძლებენ, გაიზიარონ შესაძლო დანაკარგები, შეამცირონ რისკები, უფრო ინტენსიურად დააკრედიტონ ეს ჯგუფები და გაზარდონ შესაძლებლობები ახალი სეგმენტების ასათვისებლად.
როგორც ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ფინანსებზე წვდომა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია.
"მივესალმები NASIRA-ს საგარანტიო პროგრამის დაწყებას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების მეტ ჩართულობას ეკონომიკურ საქმიანობაში და ინკლუზიურობის ზრდას. მჯერა, რომ აღნიშნული პროგრამა გააუმჯობესებს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ფინანსებზე წვდომას, განსაკუთრებით ქალი და ახალგაზრდა მეწარმეებისთვის. მათი ხელშეწყობითა და გაძლიერებით, ჩვენ ვქმნით ძლიერ საფუძველს მდგრადი და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის", - აღნიშნა ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.