მიკრობანკმა „კრისტალმა“ Mastercard-ის პირველი პლასტიკური ბარათები გამოუშვა
მიკრობანკმა „კრისტალმა“ მომხმარებლებისთვის Mastercard-ის პლასტიკური ბარათების გამოშვება დაიწყო. აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც „კრისტალის“ განვითარებისთვის, ისე ქვეყანაში ციფრული გადახდების ეკოსისტემის გაძლიერებისთვის.
ახალი სადებეტო ბარათები ხელმისაწვდომია სტანდარტულ და გოლდ კატეგორიებში და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს განახორციელონ გადახდები საქართველოში და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც Mastercard მიიღება. ბარათის მფლობელები ასევე შეძლებენ ონლაინ გადახდებსა და უკონტაქტო ტრანზაქციებს, თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით.
Mastercard-ისთვის „კრისტალთან“ პარტნიორობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ფინანსური ჩართულობის გაღრმავებისა და რეგიონებში თანამედროვე გადახდების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით. Mastercard საქართველოში აქტიურად თანამშრომლობს როგორც კომერციულ ბანკებთან, ისე მიკროსაფინანსო სექტორთან, რათა მომხმარებლებს შესთავაზოს უსაფრთხო, სწრაფი და ინოვაციური გადახდის საშუალებები.
„საქართველოს ფინანსური სექტორი განვითარების ახალ ეტაპზეა - ფოკუსი გადადის არა მხოლოდ ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, არამედ მომხმარებელზე მორგებულ, მდგრად ფინანსურ პროდუქტებზე.
მიკრობანკ “კრისტალის” მიერ Mastercard-ის ბარათების დანერგვა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ თანამედროვე საგადახდო ინფრასტრუქტურაზე წვდომა ფართოვდება და ხელმისაწვდომი ხდება კიდევ უფრო ფართო აუდიტორიისთვის. მომხმარებლები იღებენ უნივერსალურ, უსაფრთხო და საერთაშორისო სტანდარტების გადახდის ინსტრუმენტს, რომელიც ეფექტურად მუშაობს როგორც ყოველდღიურ ხარჯებში, ისე ონლაინ და უცხოურ ტრანზაქციებში.
ჩვენთვის ეს პარტნიორობა ნიშნავს ფინანსური ჩართულობის გაღრმავებას, უნაღდო ანგარიშსწორების ზრდის მხარდაჭერას და საქართველოში გადახდების ეკოსისტემის სისტემურ განვითარებას. აღნიშნული ნაბიჯი სრულად შეესაბამება Mastercard-ის გლობალურ სტრატეგიას - გავაძლიეროთ ციფრული ეკონომიკა და შევქმნათ უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი ფინანსური გარემო“, - აცხადებს Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძე.
სხვა სიახლეები
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები
18.09.2026.14:36
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.
საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.
აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.
მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.
საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას