მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მოქმედებდა, მოქმედებს და იმოქმედებს საერთაშორისო სანქციების შესაბამისად - გიორგი აბაშიშვილი
მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მოქმედებდა, მოქმედებს და იმოქმედებს საერთაშორისო სანქციების შესაბამისად, - ამის შესახებ Busines Insider Georgia-ს დამფუძნებელმა განაცხადა.
„არ ვფიქრობ, რომ საქართველო და შესაბამისად, საბანკო სისტემა რაიმე ფორმით მაინც გამოყენებული იქნას სანქციების გვერდის ავლის ადგილად და საშუალებად. განცხადებიდან ჩანს, რომ ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია და მნიშნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული გადაწყვეტილება შემდგომ კოორდინაციაში იყოს ჩვენს საერთაშრისო პარტნიორებთან. ცხადია, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მოქმედება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს და ამავდროულად, არანაირი ეჭვის საფუძველი არ იყოს სანქციებიდან თავის არიდების მიმართულებით. მიმაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში ეროვნულ ბანკის განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ უნდა იყოს ყველა პოტენციური რისკი“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სებ-მა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.
„საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილებასაქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში, რომლის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:
ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;
ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.
საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობის პროცესში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის.
საქართველოს ეროვნული ბანკი ყურადღებით შეისწავლის და განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანს სანქციების გვერდის არიდების თითოეულ სავარაუდო შემთხვევას და რისკებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მზად არის საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალების შესახებ“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში. .
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.