მიმდინარე წელს საქართველოს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და ადეკვატური დონის ფარგლებშია - ნათია თურნავა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საქართველოს სავალუტო რეზერვების ისტორიულ მაქსიმუმს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ბოლო დროს მომატებული სავალუტო შემოდინებების ფონზე ეროვნული ბანკი, წინა წლებთან შედარებით, უფრო აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებას.
„მიმდინარე წელს საქართველოს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზე და ადეკვატური დონის ფარგლებშია. ოქტომბრის მდგომარეობით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა 5.1 მლრდ დოლარს გაუტოლდა. სავალუტო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება გვეხმარება ქვეყნის სუვერენული რისკის მინიმიზაციაში, რაც პოზიტიური ფაქტორია ინვესტიციებისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობისათვის. სწორედ ამ მიზნით, იმისათვის, რომ ბოლო დროს მომატებული სავალუტო შემოდინებების ფონზე, ჭარბი მერყეობა შერბილდეს და საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ადეკვატური დონის ფარგლებში შენარჩუნდეს, 2023 წლის განმავლობაში, ეროვნული ბანკი, წინა წლებთან შედარებით, უფრო აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ყველა ინტერვენციის გათვალისწინებით, საერთაშორისო რეზერვები 1.292 მლრდ. დოლარამდე გაიზრდება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე დღეს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა. პროექტში მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები და მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და რისკები.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.