მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა კვლავ ისტორიულ მაქსიმუმზეა
2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასის მოცულობამ 5,934.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნოემბერთან შედარებით მიმოქცევაში ნაღდი ფულის მასა 8%-ითაა გაზრდილი, ხოლო წლიურ ჭრილში კი 18%-იანი ზრდაა.
სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ნოემბერში მიმოქცევაში ნაღდი ფულის სახით 5,505.7 მლნ ლარი იყო, ხოლო 2022 წლის დეკემბერში კი 5,040.5 მლნ ლარი.
საგულისხმოა, რომ 2023 წლის ნოემბერში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 101.5 მლნ ლარით შემცირდა. რეფინანსირების სესხები წინა თვესთან შედარებით 270 მლნ ლარით გაიზარდა. აღნიშნულ თვეში ერთთვიანი სესხი არ გაცემულა და შესაბამისად მისი ნაშთი უცვლელია. ამავე პერიოდში, მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი სესხის ნაშთი 10.6 მლნ ლარით შემცირდა და 136.7 მლნ ლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა 5 მლრდ-იან ნიშნულს პირველად 2022 წლის დეკემბერში გადასცდა. შემდეგ თვეებში კლება განხორციელდა, ხოლო 2023 წლის აპრილიდან ისევ ზრდა დაიწყო, თუმცა ოქტომბერში ისევ შემცირება დაიწყო.
საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირება და ქვეყნის ეკონომიკის ლარის ბანკნოტებით და მონეტებით შეუფერხებელი უზრუნველყოფაა. ამ ფუნქციას საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების მეშვეობით ახორციელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე ნაღდი ფულის გაცემა ხდება შეუზღუდავად, მათ საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში. კომერციულ ბანკებზე გაიცემა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფორმირებული ნაღდი ფული.
საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირებას ახორციელებს ნაღდი ფულის მართვის კლასიკური (ცენტრალიზებული) მოდელით, რაც გულისხმობს პირადი და უშუალო პასუხისმგებლობის შენარჩუნებას ფულის ნიშნების დამზადების, მიმოქცევის და განადგურების ყველა ასპექტის მართვა.
ფულის მიმოქცევის რეგულირების თვალსაზრისით, საქართველოს ეროვნული ბანკი პერმანენტულად მუშაობს ეროვნული ვალუტის მიმოქცევისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად და მისი პოპულარიზაციის მიმართებით, ნაღდი ანგარიშსწორების სფეროს სრულყოფისა და ამ სფეროში ნორმატიული ბაზის დახვეწა-სრულყოფის, მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნების ხარისხის ამაღლებისა და ასევე კომპეტენციის ფარგლებში ყალბი ფულის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართებით.
2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება დამრგვალების პრინციპით (უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით).
კერძოდ, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამური ღირებულება 0-ზე ან 5-ზე არ მთავრდება.
ამ შემთხვევაში, ფასის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე შემდეგი პრინციპით:
1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე;
3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე;
6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე;
8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით შესაბამის ათეულამდე.
კანონით გათვალისწინებული დამრგვალების პრინციპი ვრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული, ასევე რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამურ ღირებულებაზე და აღნიშნული არ გულისხმობს თითოეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებას.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.