ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს. მხარეებმა ასევე იმსჯელეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე.
საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის ძლიერ მხარეებს, ეროვნული ბანკისა და მთავრობის კოორდინირებული მოქმედებებით განპირობებულ მიღწევებს, როგორც მდგრადი ფისკალური ბალანსის, ისე ფასების სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით.
როგორც შეხვედრაზე ნათია თურნავამ აღნიშნა, საერთაშორისო რეზერვების დაგროვება და ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნება კვლავ პრიორიტეტულია. ასევე, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა დედოლარიზაციის პროცესის გაგრძელების აუცილებლობა, რასაც ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებიც ემსახურება.
სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილემ სავალუტო ფონდის სახელით მზადყოფნა გამოთქვა დაეხმაროს საქართველოს შემდგომი რეფორმების განხორციელებაში. მან ასევე დადებითად შეაფასა საქართველოში მიღწეული მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა, დაბალი ინფლაცია, გაუმჯობესებული მიმდინარე ანგარიშის ბალანსი და გატარებული რეფორმები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.