ნათია თურნავა სსფ-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საერთაშორისო ინვესტორების ჯგუფს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა საინვესტიციო ბანკ J.P. Morgan-ის ორგანიზებით შედგა და მასში 15-მდე ინვესტორი მონაწილეობდა. მათ შორის, ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა: Danske Bank, Morgan Stanley, Shiprock Capital Management, Eaton Vance Corp. და სხვები.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, პრეზენტაციის ფორმატში ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს ეკონომიკის ბოლო მაჩვენებლები გააცნო, ისაუბრა სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოსა და მყარ ფუნდამენტურ ფაქტორებზე, რის საფუძველზეც ქვეყანა ყველა გარე გამოწვევას უმკლავდება.
„ჩვენი ამოცანაა ახალი პერსპექტიული ინვესტორებისთვის უფრო ნათელი გავხადოთ საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და მოვიზიდოთ ისინი ქვეყანაში. ხოლო უკვე არსებულ ინვესტორებს კიდევ ერთხელ გავაცნოთ ჩვენი ხედვა და მათ მეტი ინვესტირების სურვილი გავუჩინოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა. „ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდის ტემპი და მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად დაბალი ინფლაცია, პოტენციური ინვესტორებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.