ნათია თურნავამ ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი დაამტკიცა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სებ-ის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე ახალი ბრძანებულება გამოსცა
სადაც წერია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი განსაზღვრავს ანგარიშვალდებული პირების ვალდებულებას შეასრულონ რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის რესპუბლიკის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციათა რეჟიმების მოთხოვნები და ამ მიმართულებით შეიმუშაონ/დანერგონ ეფექტიანი შიდა კონტროლის მექანიზმები.
ანგარიშვალდებული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციათა მოთხოვნებით, რაც მოიცავს:
ა) აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს;
ბ) ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს;
გ) დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.
საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს და მიკრობანკებს ევალებათ რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებულ სანქციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, არ განახორციელონ უცხოური ფინანსური ინსტიტუტების ან ნაღდი ფულის ტრანსპორტირებით დაკავებული პირისთვის ნაღდი უცხოური ვალუტის (აშშ დოლარი/ფუნტი სტერლინგი/ევრო) მიწოდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ფულის ტრანსპორტირება ხდება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში ან ევროზონის ქვეყნებში.
საყურადღებო პირებთან დაკავშირებული ვალდებულებები
ანგარიშვალდებულ პირებს ევალებათ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში გამოვლენილ და მათთვის მიწოდებულ საყურადღებო პირებზე უზრუნველყონ საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების გამოყენება.
ანგარიშგების ვალდებულება
1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციების შესრულებაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით, ანგარიშვალდებული პირები ვალდებულნი არიან საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინონ ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგებები.
2. საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს ევალებათ საქართველოს ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად წარუდგინონ ანგარიშგება ამ ბრძანების დანართი №1-ით განსაზღვრული ფორმით, რომელიც მოიცავს:
ა) ინფორმაციას რუსეთის ფედერაციიდან, ბელარუსის რესპუბლიკიდან ან/და სხვა გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ;
ბ) ინფორმაციას ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ.
3. საქართველოში მოქმედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ევალებათ საქართველოს ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად წარუდგინონ ანგარიშგება ამ ბრძანების დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციიდან, ბელარუსის რესპუბლიკიდან ან/და სხვა გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ.
4. საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს და მიკრობანკებს ევალებათ საქართველოს ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად წარუდგინონ ანგარიშგება ამ ბრძანების დანართი №3-ით განსაზღვრული ფორმით.
5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშგებების წარდგენა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის (1 (ერთი) კალენდარული თვე) მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის (1 (ერთი) კალენდარული თვე) მომდევნო თვის 25 რიცხვისა.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგებების წარდგენა უნდა განხორციელდეს AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალის საშუალებით.
წერილობითი მითითებები, საზედამხედველო ზომები/სანქციები
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციების შესრულების უზრუნველსაყოფად, ანგარიშვალდებული პირების მიმართ გასცეს წერილობითი მითითებები.
2. თუ ანგარიშვალდებული პირი არ ასრულებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქციები.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.