ნათია თურნავამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით "საქსტატს" იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და პროფესიონალიზმი მას წარმოადგენს, როგორც ლიდერს სტატისტიკის სფეროში.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ "საქსტატის“ მიერ წარმოებული და გამოქვეყნებული მონაცემები გამოირჩევა მაღალი სანდოობითა და სიზუსტით, რაც ფასდაუდებელია მონაცემებზე დაფუძნებული, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად.
"როგორც საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის სისტემის ნაწილი, საქართველოს ეროვნული ბანკი ამაყობს, რომ არის "საქსტატის" მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენი მოვალეობაა ეკონომიკური და ფინანსური მონაცემების წარმოება და გაზიარება, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. "საქსტატისა" და ეროვნული ბანკის მჭიდრო თანამშრომლობა არის საფუძველი იმისა, რომ უზრუნველყოფილ იქნას მაღალი ხარისხი და თანმიმდევრულობა სტატისტიკური მონაცემების წარმოების მიმართულებით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.