ნუმერაციის ეროვნული სააგენტოების ასოციაცია (ANNA) - საქართველოს ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ფინტექ ეკოსისტემის განვითარებას
ნუმერაციის ეროვნული სააგენტოების ასოციაციამ (ANNA) საფინანსო ინდუსტრიის პროგრესის ამსახველი ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ ბიულეტენშია ნათქვამი, საქართველოს ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ფინტექ ეკოსისტემის განვითარებას. მათ შორის, ხაზგასმულია ღია ბანკინგის ტექნიკური სენდბოქსის პროექტის რეგიონული მნიშვნელობა და ამ თვალსაზრისით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) მჭიდრო თანამშრომლობა.
მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია ევროპული იპოთეკური ობლიგაციების საბჭოს (ECBC) პოზიტიური გამოხმაურების შესახებ, რომლის თანახმადაც, საქართველოში მოქმედი იპოთეკური ობლიგაციების მარეგულირებელი ჩარჩო სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. აქვე ხაზგასმულია იპოთეკური ობლიგაციების დანერგვის მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გაწეული ძალისხმევა.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკი ნუმერაციის ეროვნული სააგენტოების ასოციაციის წევრია და პასუხისმგებელია როგორც ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომრების (ISIN), ისე ფინანსური ინსტრუმენტების კლასიფიკაციის კოდის (CFI) მინიჭებაზე - ISO 6166 და ISO 10962 სტანდარტების შესაბამისად.
ნუმერაციის ეროვნული სააგენტოების ასოციაცია (ANNA) ნუმერაციის ეროვნული სააგენტოების (NNAs) გლობალური წევრი ასოციაციაა, რომელიც სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) პრინციპების დაცვითა და ფინანსური ინსტრუმენტებისთვის ISIN, FISN და CFI კოდების პოპულარიზაციით ცდილობს ხელი შეუწყოს ფინანსური ინდუსტრიის სტანდარტიზაციას. ეს კი ბაზრის მონაწილეებთან, მარეგულირებლებსა და სტანდარტიზაციის სხვა ორგანიზაციებთან მუდმივი თანამშრომლობითა და მუშაობით მიიღწევა.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.