ოფიციალურად, Lion Finance ჯგუფი FTSE 100 ინდექსშია - ინტერვიუ არჩილ გაჩეჩილაძესთან
ლონდონის საფონდო ბირჟის პრესტიჟულ FTSE 100 ინდექსში Lion Finance Group-ის მოხვედრა არა მხოლოდ ერთი კომპანიის, არამედ მთელი ქართული ეკონომიკის აღიარებაა. როგორც Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა, ლონდონის ბირჟაზე უკვე სამი ქართული კომპანიის განთავსება მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საჯარო განთავსებას გეგმავენ.
ინტერვიუში არჩილ გაჩეჩილაძე დეტალურად საუბრობს იმ 20-წლიან გზაზე, რომელმაც ქართულ ბიზნესს გლობალური ინვესტორებისკენ გზა გაუკვალა. რა როლი ითამაშა სომხეთის ბაზარზე შესვლამ ამ ისტორიულ წარმატებაში და როგორ გეგმავს კომპანია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის წამყვან საბანკო ქსელად ქცევას - ამ საკითხებზე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი საუბრობს.
ძალიან დიდ მადლობას გიხდით Business Insider Georgia-სთან ინტერვიუსთვის და ვფიქრობ, დღეს განსაკუთრებით გამორჩეულ თემაზე ვსაუბრობთ. Lion Finance Group-ი FTSE 100-ის ინდექსში მოხვდა, რაც ისტორიული მოვლენაა თავისთავად ცხადია. პირველი ქართული კომპანია, შესაბამისად მე ეხლა ვესაუბრები პირველ ქართულ CEO-ს, ვისი ხელმძღვანელობითაც ეს მოხერხდა. მთლიანობაში რომ ვთქვათ, რას ნიშნავს ეს პირადად თქვენთვის, რას ნიშნავს ეს ამ უმნიშვნელოვანესი კომპანიისთვის და თქვენ ხშირად გიყვართ ხოლმე ხაზგასმა - რას ნიშნავს ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, საერთაშორისო ინვესტორებისთვის?
მართლაც სასიხარულო ამბავი არის. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს არის იმ გუნდის გამარჯვება, რომელიც მიუძღვის დღეს საქართველოს ბანკს და Lion Finance Group-ს უკვე არაერთი წელია და ეს არის მთელი გუნდის დამსახურება, რომ მოვედით აქამდე. დღევანდელი დღე, ის რომ ინდექსში შევედით, ეს არის ინვესტორების მიერ ამ გრძელი გზის, გავლილი გზის აღიარება. თუმცა ეს რაღაცა ერთ დღეში არ მომხდარა, ეს რეალურად არის იმ 20 წლიანი გზის ასახვა წარმატებაში და ინვესტორების მიერ აღიარება, რომელიც ჩვენ გავიარეთ.
საქართველოსთვის ეს მართლაც დიდი გამარჯვებაა, ვინაიდან ძალიან ბევრი ინვესტორი ბოლომდე არ იცნობს საქართველოს და არც იხარჯება იმისთვის, რომ გაიცნოს, ვინაიდან ეკონომიკის ზომა იმდენად დიდი არ არის და სულ რამოდენიმე კომპანიაა წარმოდგენილი საჯარო ბაზრებზე. ასე რომ, ინვესტორი, რომელსაც აინტერესებს აქციების ყიდვა, მხოლოდ სამი კომპანია არის ამ რეგიონიდან წარმოდგენილი და შესაბამისად შეიძლება არ უღირდეს საკმაოდ ღრმა ანალიზის გაკეთება. ანდა უნდა ვთქვათ, რომ არ უღირდა აქამდე და FTSE 100-ში როგორც კი შევდივართ, ის ფაქტიურად აუცილებლად დაიხარჯება იმისთვის, რომ საქართველო შეისწავლოს, უკვე სომხეთი შეისწავლოს და ეს ჩათვალეთ, რომ არის გაკვალული გზა ყველასთვის, ვისაც უნდა, რომ საჯარო განთავსებით აქციების მოიპოვოს ან მოიზიდოს კაპიტალი საკუთარი ბიზნესისთვის. აქ ვგულისხმობ იმას, რომ არ არის აუცილებელი FTSE 100-ში იყოს კომპანია, ნებისმიერი საჯარო აქციების შეთავაზება ლონდონის ბირჟაზე – ეს უკვე ნიშნავს, რომ აქამდე თუ 20-30 ინვესტორს ვესაუბრებოდით იქ რომ ჩასულიყო ვთქვათ რომელიმე ქართული კომპანია, რომელსაც განთავსება უნდა აქციების, ხვალ ჩავა და უკვე 100 სხვადასხვა ფონდიდან იქნება ინტერესი ამასთან დაკავშირებით, რომ გაესაუბრონ მას, ვინაიდან მათ უკვე ეცოდინებათ საქართველოს ეკონომიკა, მათ უკვე ეცოდინებათ Lion Finance Group-ი და შესაბამისად უკვე იმ კონკრეტულ კომპანიაზე შესწავლა მათთვის უკვე ღირებული იქნება. ასე რომ, ეს ჩათვალეთ, რომ გზამკვლევი არის ყველა იმ კომპანიისთვის, ვისაც ხვალ და ზეგ მოუნდება კაპიტალის მოზიდვა საჯარო ბაზრებიდან.
ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ან რისკები, რომელიც გაიარეთ ამ გზაზე, კიდევ ერთხელ როდესაც ვლაპარაკობთ მათ შორის სხვა კომპანიების ნაწილზე, რა იყო თქვენთვის ამ შემთხვევაში კვლავ თქვენს ნაწილს რომ დავუბრუნდეთ, ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებმაც ჯამში ითამაშა გადამწყვეტი როლი აი ამ საერთაშორისო აღიარების ნაწილში?
რამოდენიმე მომენტი იყო განმსაზღვრელი ჩვენი წარმატების ამ გზაზე და ერთ-ერთი, რომელსაც გამოვყოფდი, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ძალიან დიდი რესურსი ჩაგვედო ციფრულ შეთავაზებებში და ასევე ბრენდის სიძლიერეში და ეს სადღაც 7 წლის წინ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ამას ვაპირებდით. ეს დიდი გადაწყვეტილება იყო ერთის მხრივ და მეორეს მხრივ არც ისე მარტივი გასაკეთებელი, ვინაიდან თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ფილიალში რომ ადამიანი შემოდის და მას შეიძლება რაღაც შესთავაზო პროდუქტი, ამას ერთის მხრივ აკეთებთ, ამის გაციფრულება არ არის უბრალოდ პროცესების კოპირება. მთლიანად უნდა გადაიაზრო თავიდან როგორ და რანაირად ხდება და ამის გაკეთება რამოდენიმეჯერ მოგვიწია, შეცდომებიც ბევრი დავუშვით და მერე ეს გამოვასწორეთ, ვისწავლეთ და ეს მუდმივი პროცესია. ასე რომ, ამის გაკეთება როგორც გუნდი ერთად, გუნდისთვის მთლიანად ამის კეთება არ არის მარტივი, ვინაიდან აქ სისწრაფე არის, უცებ სწავლა, რომ რა მოსწონს და რა არ მოსწონს ჩვენ მომხმარებლებს. ეს არის მთელი პროცესი, ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი დიდი გამოწვევა იყო.
მეორე საფეხური ასევე უმნიშვნელოვანესი ამ მიზნის მისაღწევად იყო ჩვენი გაფართოება სომხეთში. ეს იყო ერთის მხრივ საკმაოდ რისკიანი ნაბიჯი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა და დრომ გვაჩვენა, ეს იყო ძალიან წარმატებული ნაბიჯი. როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის მარტში ჩვენ, ანუ ორი წლის წინ, შევიძინეთ „ამერიაბანკი“, რომელიც არის წამყვანი ბანკი სომხეთში, ნომერ პირველი ბანკია არა მარტო ციფრებით, არამედ ბრენდის სიძლიერით და ხარისხით. და ეს ტრანზაქცია ძალიან დაგვეხმარა იმაში, რომ FTSE 100-ში შევსულიყავით და შევსულიყავით უფრო მალე, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში მოხდებოდა.
მთლიანობაში, როცა კვლავ ვსაუბრობთ გლობალურ ინვესტორებზე, საერთაშორისო ინვესტორებზე, დღეს თქვენი აზრით Lion Finance Group-ის ნაწილში რა არის ის ძირითადი მთავარი ფაქტორი ან კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც უყურებენ გლობალური ინვესტორები და რამაც ჯამში განაპირობა სწორედ იმ საერთაშორისო აღიარებას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. კიდევ რითია საინტერესო?
ჩემი აზრით, ასე ვთქვათ, ის მიმზიდველი შიგთავსი, რომელიც არის საინტერესო ინვესტორებისთვის, ეს არის ძირითადად ჩვენი ყოჩაღობა ტექნოლოგიებთან მიმართებაში, ჩვენი მახასიათებელი, თუ როგორ ვუსმენთ და რამდენად კარგად გვესმის მომხმარებლის. და აი ეს პროცესები ერთად აწყობილი ასეთი მარტივი დასაკოპირებელი არ არის. და მეორეს მხრივ, ეს არის მოლოდინი, რომ ხვალ და ზეგ ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს ცოდნები გადავიტანოთ ახალ ბაზრებზე და შესაბამისად გაფართოების შემთხვევაში ინვესტორებმა რაღაცა ხეირი ნახონ ამაში.
კი ბატონო. კვლავ მინდა დავუბრუნდე გუნდს, რომლითაც თქვენ სრულიად სამართლიანად ყოველთვის ამაყობთ ამ ნაწილში. მთლიანობაში როგორ აფასებთ ამ შემთხვევაში გუნდის როლს კიდევ უფრო დეტალურად და როგორ ხდება ჯამში ადამიანების მოტივირება ისე, რომლებიც მუდმივად ფიქრობდნენ, რომ არასოდეს გაჩერდნენ?
გუნდი ყველაფერია ამ კომპანიაში. მთელი ორგანიზაციის წარმატება ეს არის ადამიანების ერთობის წარმატება და არა თითოეული ადამიანის წარმატება. რაც შეეხება მოტივაციას, მთავარი ალბათ ის კულტურა არის, გახსნილობის კულტურა, რომელიც ჩვენს ორგანიზაციაში არის და ეს გარემო იზიდავს ძალიან ბევრ ნიჭიერ ადამიანს. ჩემთვისაც, მართალი გითხრათ, ძალიან სასიამოვნოა ამდენ ნიჭიერ და ჭკვიან ადამიანთან მუშაობა, იმიტომ რომ ყოველდღე ვსწავლობ მათგან და იმ ბიზნეს პარტნიორებისგან, ვისთანაც მე მაქვს შეხება.
გამომდინარე თქვენი მთავარი სულისკვეთებიდან კვლავ არასოდეს გაჩერდე - ამ ნაწილიდან, რომელიც ჩემთვისაც სხვათა შორის ძალიან მამოტივირებელია ხოლმე. FTSE 100-ში შესვლა - ეს არის საბოლოო ჯამში მიზანი თუ რაიმე ახალის დასაწყისი, როგორც ხშირად გვჩვევია ხოლმე? და თუ ახალის დასაწყისია, რა არის Lion Finance Group-ის შემდეგი მიზანი მაშინ? ახალი ბაზრები, ახალი ტექნოლოგიები და ასე შემდეგ...
ჩვენთვის FTSE 100 ეს არის იმ წარმატების აღიარება, რასაც დღეს მივაღწიეთ. თუმცა ეს თავისთავად მიზანი ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მიზანი არის, რომ შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი, რომელსაც შეიძლება ფოკუსი ასევე ცენტრალურ აზიაშიც ჰქონდეს. თუმცა აი ამ ბაზრებზე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება არის შესაძლებელი და მგონია, რომ ჩვენი გუნდი ყველაზე უფრო კარგად არის პოზიციონირებული ამისთვის. ჩემთვის მომავალში როცა ვფიქრობ, რომ აი ყველა ვარსკვლავი ერთ რიგში რომ დალაგდეს, როგორ წარმოიდგინება ხვალინდელი დღე - ალბათ ეს იქნება, რომ ასეთი ქსელი იყოს და საქართველო იყოს მისი ცენტრალური ადგილი. შესაბამისად მგონია, რომ ყველაზე ბევრს ჩვენი ქვეყნისთვის ამ შემთხვევაში გავაკეთებთ, როცა აი ამას მივაღწევთ.
დიდი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ, მით უმეტეს, როგორც აღმოჩნდა, ბევრს ველოდებით კიდევ.
იმედია, რომ არ გაგიცრუებთ თქვენს მოლოდინებს.
არ გაჩერდებით.
არ გავჩერდებით. მადლობა.
სხვა სიახლეები
ფისკალური პოლიტიკა კვლავაც გონივრულად იმართება | IMF მისია
14.11.2026.01:43
მისიის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზი წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა განაცხადს ვიზიტის მსვლელობისას მათი მიგნებების შესახებ. ეს განაცხადი ეკუთვნის მისიის წევრებს და, შესაძლოა, არ ასახავდეს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს აზრს. ამ მისიის მიგნებები სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოზე არ განიხილება.
ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, 2026 წლის 13 ნოემბერი: ამა წლის 9-13 ნოემბერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ-ს) მისიამ ბატონი ალეხანდრო ჰაიდენბერგის ხელმძღვანელობით თბილსში შეხვედრები გამართა ქვეყნის ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური ვითარების და რეფორმების პრიორიტეტების მიღწევის პროგრესის შესაფასებლად. ვიზიტის დასასრულს ბატონმა ჰაიდენბერგმა განაცხადა შემდეგი:
საქართველოს ეკონომიკა ზრდის მაღალ მაჩვენებლებს ინარჩუნებს, გეოპოლიტიკური გაურკვევლობის და ენერგომატარებლების მაღალი ფასის მიუხედავად. 2026 წლის იანვარსექტემბერში რეალური მშპ 7.4 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკურ საქმიანობაში წამყვანია საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, და ვაჭრობის სექტორები, თუმცა ბოლო თვეებში ზრდის ტემპის მოდერაცია შეიმჩნევა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ტურიზმიდან მიღებულ ერთობლივ შემოსავლებზე და მთლიან ეკონომიკაზე დღეის მდგომარეობით მხოლოდ შეზღუდული გავლენა მოახდინა, თუმცა, ტურისტების ვიზიტები უშუალოდ ომთან დაკავშირებული ქვეყნებიდან შემცირდა. 2025 წელს 7.5 პროცენტით ზრდის შემდგომ, 2026 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 7.2 პროცენტია, ხოლო 2027-ში 5.7 პროცენტი, რაც ნიშნავს რომ ზრდის ტემპი თავის საშუალოვადიან პოტენციურ, 5 პროცენტიან, ზრდის ტემპს თანდათან მიუახლოვდება.
ინფლაცია 2025 წლის მარტის შემდგომ საქართველოს ეროვნული ბანკის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს აღემატება; ხოლო 2026 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9 პროცენტს მიაღწია. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ენერგომატარებლების გაზრდილი ფასები ინფლაციის ძირითადი მამოძრავებელია, ინფლაციური წნეხი გაფართოვდა. საბაზო ინფლაციამ ოქტომბერში 4 პროცენტი შეადგინა, სადაც ვაჭრობადი საქონლის ინფლაცია იზრდება და მომსახურების სფეროს მომატებული ინფლაცია ნარჩუნდება. ენერგომატარებლების ფასის ზრდის ეფექტის გალევასთან ერთად ინფლაციის ტემპი შემცირდება, მაგრამ, ახლო მომავალში, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) თარგეთს ზევით შენარჩუნდება. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტამდე ამა წლის მაისში გაზარდა და მას შემდეგ იგივე დონეზე შეინარჩუნა. თუ ინფლაცია ადრე ნავარაუდევზე მეტად გახანგრძლივდა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას იქნება საჭირო ინფლაციის თარგეთთან დასაბრუნებლად. მონეტარული პოლიტიკის მიმართულების განსაზღვრისას უნდა გავითვალისწინოთ მეორე რაუნდ ის ეფექტები და ინფლაციის მოლოდინები.
საქართველოს საგარეო პოზიცია მნიშვნელოვნად გაძლიერდა. 2026 წლის პირველ ნახევარში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 2.5 პროცენტამდე შემცირდა, ძლიერი საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის ექსპორტის და მთლიანი იმპორტის ნაკლებ ინტენსიური ზრდის გამო. ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო სავალუტო რეზერვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ოქტომბრის ბოლოსთვის 8.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რამეთუ საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს უცხოური ვალუტის შესაძლებლობისთანავე შესყიდვებს, ძლიერი მიმდინარე ანგარიშის ბალანსის და დიდი ფინანსური შემოდინებების პირობებში. რეზერვების დაგროვებისადმი არსებული მიდგომა შეეფერება გარეშე შოკების მიმართ მედეგობის ზრდის მიზანს და ხელს უწყობს ბაზრის ნდობას და გაცვლითი კურსის მოქნილობას.
ეკონომიკის პერსპექტივის გარშემო გაურკვევლობა მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება. ახლო აღმოსავლეთში ომის განახლებულმა ესკალაციამ შესაძლოა ენერგომატარებლების და სურსათის ფასები გაზარდოს და ტურიზმი შეაფერხოს. შიდა პოლიტიკურმა დაძაბულობის ზრდამ და ევროკავშირთან ურთიერთობების დაძაბვამ შესაძლოა ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს. უკრაინაში ომის დასრულებამ შესაძლოა განამტკიცოს რეგიონული სტაბილურობა, ნდობა და სავაჭრო პერსპექტივები, თუმცა, ამავდროულად, შესაძლოა უკუმიმართულება მისცეს მიგრაციულ და ფინანსურ ნაკადებს, რომლებმაც ხელი შეუწყო ეკონომიკის ზრდას ბოლო წლების განმავლობაში. მეორეს მხრივ, ინვესტიციების გააქტიურებამ - მათ შორის, უძრავი ქონების მსხვილი პროექტების ფარგლებში, - შესაძლოა მეტად წაახალისოს ეკონომიკური აქტივობა.
ფისკალური პოლ იტიკა კვლავაც გონივრულად იმართება. 2026 წელს ბიუჯეტის დეფიციტიმშპ-ს 1½ პროცენტის დონეზე იქნება, სახელმწიფო ვალი მშპ-ს 33 პროცენტამდე დაიკლებს. ბიუჯეტით გათვალისწინებულზე დაბალი დეფიციტი განპირობებულია შემოსავლების მაღალი მაჩვენებლებითა და კაპიტალური ხარჯების აუთვისების დაგვიანებით, ისევე როგორც 2025 წელს, რითაც სახელმწიფო ინვესტიციების განხორციელება გვიანდება. 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს დეფიციტს მშპ-ს 2,5%-ის ოდენობით და გულისხმობს სოციალური ხარჯების, საჯარო სექტორის ხელფასების და კაპიტალური ინვესტიციების ზრდას. შესყიდვების კონტრაქტების დახვეწა და პროექტების მზაობის უკეთესი მაჩვენებელი ხელს შეუწყობს 2027 წელს კაპიტალური ბიუჯეტის უფრო დროულ შესრულებას, თუმცა განხორციელების რისკები ნარჩუნდება. ენერგომატარებლების გაზრდილი ფასების საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯები უნდა იყოს მიზნობრივი, იცავდეს მოწყვლად ოჯახებს და არ გულისხმობდეს ისეთ ფართომასშტაბიან ჩარევებს, რომლებიც გაზრდის ფისკალურ ხარჯებს და შეცვლის ფასების სიგნალს ბაზრისთვის.
საფინანსო სექტორი ჯანსაღია, ბანკები კაპიტალიზაცია, მომგებიანობა, ლიკვიდურობა მაღალია, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, დოლარიზაცია კვლავაც ფინანსური მოწყვლადობის მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. ამასთან, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების, მათ შორის იპოთეკური სესხების ბოლოდროინდელი ზრდა ყურადღებას საჭიროებს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ვირტუალური აქტივების მარეგულირებელი და საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების კუთხით. სექტორის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია ეფექტიანი ზედამხედველობა და აღსრულება, მათ შორის - ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ მიმართული მყარი დამცავი მექანიზმების განხორციელება.
ბოლო პერიოდის ძლიერ ზრდას თან ახლდა შრომის ბაზრის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, თუმცა დასაქმების დონე, მსგავს ქვეყნებთან შედარებით, კვლავ დაბალია, ხოლო ბევრ დასაქმებულს ჯერ კიდევ არ მიუღია სარგებელი უფრო პროდუქტიულ საქმიანობაში ჩართვით.უნარების შეუსაბამობის შემცირება, პროფესიული განათლებისა და დასაქმების სერვისების გაუმჯობესება, უკეთეს სამუშაო ადგილებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. ზოგადად, რეფორმები, რომლებიც მიმართულია პროდუქტიულობის ამაღლების, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და კერძო სექტორში პროდუქტიული ინვესტიციების წახალისებისკენ, ხელს შეუწყობს მეტად ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.
ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ბოლოხანს შეტანილი ცვლილებები მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენს. ეს ცვლილებები ნერგავენ კოლეგიალურობის პრინციპს მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებისას, აძლიერებენ სებ-ის მმართველი საბჭოს წევრების ადგილმონაცვლეობის მექანიზმს და საბჭოს წევრობის კვალიფიკაციის კრიტერიუმებს. სსფ-ს მისია მიესალმება ხელისუფლების განზრახვას გადაწყვეტილების მიღების კოლეგიალური მოდელი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც დაინერგოს. ამასთან მოვუწოდებთ მიიღონ ზომები, რომ სებ-ის მმართველ საბჭოში არამმართველი წევრების უმრავლესობა მუდმივად იქნას შენარჩუნებული, ადრე გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
სახელმწიფო საწარმოების მონიტორინგსა და ფინანსურ ზედამხედველობაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე დაყრდნობით, ახლახან მიღებული სახელმწიფო საწარმოების სამოქმედო გეგმა შემდგომი რეფორმების საფუძველს ქმნის. მნიშვნელოვანი იქნება მისი ეფექტიანი განხორციელება. კორპორაციული მართვისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად საჭირო იქნება დამატებითი ნაბიჯების გადადგმა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ უნდა იმუშოს ფინანსებზე წვდომის კუთხით ბაზრის ხარვეზების შემთხვევებში, და შექმნას ისეთი პირობები, რომ თავი აარიდოს კერძო დაფინანსების ჩანაცვლებას პროექტებში და ფისკალური რისკების შექმნას.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ ხელისუფლებას და ყველა სხვა პარტნიორს გულითადი მასპინძლობისთვის და პროდუქტიული დისკუსიებისთვის. სსფ-ს მისია შეხვდა სებ-ის პრეზიდენტს ქალბატონ ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრს ბატონ ლაშა ხუციშვილს, ვიცეპრემიერს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და განვითარების პარტნიორების წარმომადგენლებს. 2026 წლის IV მუხლის კონსულტაცია დაგეგმილია 2027 წლის აპრილში.