ოქროს გაძვირების ფონზე, სებ-ის სარეზერვო ოქროს ზოდების საბაზრო ღირებულება მკვეთრად გაიზარდა
2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 4.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 11.9%-ს შეადგენს. ოქროს ფასის ზრდის ფონზე, სებ-ის სარეზერვო ოქროს ზოდების საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კითხვის პასუხად სებ-ში განუცხადეს.
ოქროს მსოფლიო საბჭოს (World Gold Council) მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა საკუთარი ოქროს რეზერვები დაახლოებით 262 ტონით გაზარდეს. WGC-ის წინასწარი შეფასებით, ივლისში სავალუტო რეზერვებში ოქროს მოცულობა 37.1 ტონით გაიზარდა. ექსპერტთა განმარტებით კი, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია.
„2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 4.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 11.9%-ს შეადგენს. ამასთან, მნიშვნელოვანია საერთაშორისო სარეზერვო აქტივების ეფექტური მართვა. სწორედ ამ მიზნით, რამდენიმე თვის წინ სებ-მა საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს დაამატა“, - განუცხადეს Business Insider Georgia-ს ეროვნულ ბანკში.
როგორც სებ-ში განმარტეს, ეს სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დაკავშირებულია გლობალურ ინფლაციურ რისკებთან და რეზერვების მსყიდველუნარიანობის დაცვასთან.
„სებ-ის მიერ ოქროს შესყიდვიდან ოქროს ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი მუდმივად მზარდია. შესაბამისად, ოქროს ფასის ზრდის გამო სებ-ის სარეზერვო ოქროს ზოდების საბაზრო ღირებულების ზრდა დაახლოებით 76.7 მლნ აშშ დოლარს უტოლდება“, - აცხადებენ სებ-ში.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.