ოქტომბერში ლარის საშუალო გაცვლითი კურსი ევროს მიმართ 1.1%-ით გამყარდა - სებ-ის თვის მიმოხილვა
ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.7077- დან 2.7263-მდე (0.7%-ით) გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ - 3.0082-დან 2.9765-მდე (1.1%-ით) გამყარდა. ამის შესახებ სებ-ის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.
თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.7468 და 2.9759 შეადგინა. ოქტომბერში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.7468 იყო, მინიმალური კი - 2.7143.
„ოქტომბერში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა მინიმუმზე ორჯერ მეტად იყო გადახრილი. ოქტომბერში, საშუალოდ, დოლართან მიმართებაში შესამჩნევია თურქული ლირის, ლარის, ევროსა და რუსული რუბლის გაუფასურება; ხოლო სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი პრაქტიკულად არ შეცვლილა.
ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 8.4%-ით გაუფასურდა, თვის ჭრილში კი 0.1%-ით გამყარდა. რაც შეეხება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს, წლიურად გამყარება 1.2%, თვის ჭრილში კი 0.6%-ია.
ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციაზე ზრდის წნეხს ქმნის. სავაჭრო პარტნიორებთან (თურქეთი, უკრაინა, რუსეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, აშშ, ევროზონა და სომხეთი) შედარებით ოქტომბერში წლიური ინფლაცია საქართველოში ყველაზე დაბალი იყო. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მთლიანობაში ფასების დონე ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, - აღნიშნულია სებ-ის თვის მიმოხილვაში.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.