ოქრო კვლავ რჩება რეზერვების შევსების ერთ-ერთ ალტერნატივად - ალექსანდრე ძნელაძე
ოქროსა და იუანის წილი მთლიან რეზერვებში საკმაოდ მცირეა, - აღნიშნა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ. მისი თქმით, მიუხედავად ოქროს ფასის შესაძლო მაღალი ვოლატილობისა, მყარ აქტივებში მსგავსი დივერსიფიკაცია მაინც მნიშვნელოვანია.
„რეზერვების დივერსიფიკაცია ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს. ის, თუ რატომ გაკეთდა აქცენტი ოქროსა და იუანზე, ვფიქრობ, დიდ კითხვებს არ აჩენს, რადგან ოქრო კვლავ რჩება რეზერვების შევსების ერთ-ერთ უალტერნატივო წყაროდ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოქროსა და იუანის წილი მთლიან რეზერვებში საკმაოდ მცირეა. მყარ აქტივებში მსგავსი დივერსიფიკაცია ყოველთვის მისასალმებელია, მიუხედავად ფასების ცვალებადობისა
რაც შეეხება იუანს, ჩინეთი ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია, ამიტომ ამ ვალუტაში რეზერვის შექმნა აბსოლუტურად ლოგიკურია. ხშირად ისმის კითხვა რეზერვების მოცულობასთან დაკავშირებით - რატომ არის ამ დონეზე, ან რატომ არის ასეთი მაღალი. ამ საკითხზე დისკუსია მუდმივად მიმდინარეობს, თუმცა დღევანდელ პირობებში, როდესაც რეგიონში დაბალი განჭვრეტადობა და არაერთი რისკფაქტორია, მაღალი რეზერვების ფლობა უფრო მეტად გამართლებულია, მათი დივერსიფიკაცია კი მხოლოდ მისასალმებელი“, - აღნიშნა საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა.
ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, ოქრო სტაბილურ აქტივად მიიჩნევა, თუმცა მისი მაღალი ვოლატილობა გარკვეულ კითხვებს აჩენს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ღირებულება წლიდან წლამდე ზრდას ინარჩუნებს.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.