პორტფელის არჩევის კარგი ფაქტორი არის საინვესტიციო მოგება - გოგა მელიქიძე
ჩვენი ამოცანაა და სებ-თან ერთად მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ კიდევ უფრო პროაქტიულობით მონაწილეებს ავიხსნათ, თუ კონკრეტული საინვესტიციო პორტფელი რისგან შედგება, რა არის სავარაუდო მოგება, საინვესტიციო რისკი როგორაა დათვლილი და ასე შემდეგ, - აღნიშნა საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ.
როგორც ცნობილია, 2024 წლის 3 იანვრიდან იმ მონაწილეების აქტივები, რომლებსაც 2023 წლის 7 სექტემბრამდე არ აურჩევიათ სასურველი საინვესტიციო პორტფელი, ავტომატურად გადანაწილდებიან კონსერვატიულ ანუ დაბალრისკიან პორტფელში. 3 იანვრიდან კი აღნიშნულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ თავად შეარჩიონ მათთვის სასურველი პორტფელი და შემდგომში ხელმეორედ არჩევანის გაკეთება 12 თვეში ერთხელ იქნება შესაძლებელი.
„2023 წელი იყო ერთ-ერთი კარგი წელი საინვესტიციო მოგების თვალსაზრისით, ანუ მთელს საინვესტიციო პერიოდზე რაც ფონდი არსებობს 835 მლნ ლარის საინვესტიციო მოგება მოვიტანეთ, რაც ძალიან კარგი შედეგია. მარტო 2023 წელს მოგება იყო 400 მლნ ლარზე მეტი, იმიტომ, რომ თანხაც მეტი იყო, რისი ინვესტირებაც დავიწყეთ და ბაზარმაც ძალიან კარგი ზრდა აჩვენა.
ძირითადი ფაქტორი რის გამოც 2023 წელს კარგი მოგება დავწერეთ იყო აქციების ბაზარი, ამ ბაზარს ერთ-ერთი კარგი წელი ჰქონდა. საკმაოდ კმაყოფილები ვართ არსებული შედეგებით. რაც შეეხება 2024 წლის დასაწყისს თქვენ იცით, რომ 2023 წლის 6 აგვისტოს კანონმა გადაანაწილა მონაწილეები ასაკობრივად და შემდეგ კანონმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა მონაწილე დააბრუნოს ისევ ნაკლებ რისკიან, კონსერვატიულ პორტფელში და 2024 წლის 3-4 იანვარს ამას საპენსიო სააგენტო გააკეთებს და მონაწილეებს დააბრუნებს კონსერვატიულ პორტფელში და შემდეგ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ყოველგვარი ვადის და დათქმის გარეშე აირჩიონ ის საინვესტიციო პორტფელი, რომელსაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ. ჩვენი ამოცანა, როგორც საპენსიო სააგენტოსი არის ის, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაციას მონაწილეებს ძირითადი საინვესტიციო პორტფელების შესახებ. მონაწილეების დანაზოგები იმართება ფასიან ქაღალდებში და არამხოლოდ დეპოზიტებში“, აღნიშნა გოგა მელიქიძემ.
საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ფიქრობს, რომ ყველაზე კარგი პორტფელის არჩევის ფაქტორი არის საინვესტიციო მოგება.
„გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არის 12 თვიანი პერიოდი და 12 თვის გასვლის შემდეგ მონაწილეს შეუძლია შეცვალოს საინვესტიციო პორტფელი ან დარჩეს იგივე პორტფელში. ანუ არაფერი მის, მონაწილის პროცესში არ იცვლება. ყველაზე კარგი პორტფელის არჩევის ფაქტორი არის საინვესტიციო მოგება. მონაწილეებს შეეძლებათ, მარტივად დაინახონ რომელი საინვესტიციო პორტფელი რა მოგებას წერს“, ამბობს გოგა მელიქიძე.
სხვა სიახლეები
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები
18.09.2026.14:36
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.
საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.
აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.
მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.
საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას