ქვეყანაში გარკვეულწილად მკაცრი, თუმცა ეფექტური საბანკო ზედამხედველობა გვაქვს - დავით რუსია
საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორის, დავით რუსიას განცხადებით, ბოლო წლების გლობალური გამოწვევების ფონზე ქართულმა საბანკო სისტემამ მაღალი მდგრადობა აჩვენა. მისი თქმით, როგორც პანდემიის პერიოდში, ისე ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც საქართველოში ათიათასობით უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვიდა საცხოვრებლად, საბანკო სექტორმა მომსახურების უწყვეტობა შეინარჩუნა და მოსახლეობისთვის ფინანსურ სერვისებზე წვდომა შეუფერხებლად უზრუნველყო.
„2022 წლიდან დღემდე, თითქოს გუშინ იყო, მაგრამ უკვე 2026 წელია ანუ, ფაქტობრივად, ხუთწლიან პერიოდზე ვსაუბრობთ. ეს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პანდემიით გამოწვეული პრობლემების დაძლევის პერიოდი იყო.
რეალურად, არცერთი საბანკო დაწესებულება არ გაჩერებულა. მოსახლეობისთვის არც ფულადი სახსრებისა თუ კრედიტების მიწოდება შეფერხებულა და არც ფინანსური ანგარიშსწორება თუ დეპოზიტების მიღება. საზოგადოებას ფინანსურ სფეროში არანაირი შეფერხება არ უგრძვნია. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, კომერციულმა ბანკებმა უდიდესი ძალისხმევა გასწიეს.
ყველას გვახსოვს პირბადეები და დამცავი ბარიერები ფილიალებში. საბანკო სისტემამ საკმაოდ დიდი ფინანსური და მატერიალური რესურსი გამოყო, რათა პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს მთავრობას დახმარებოდა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ომის შემდგომ პერიოდში საქართველოში საცხოვრებლად დაახლოებით 100-დან 150 000-მდე ექსპატი თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვიდა ოჯახებით.
ამ ადამიანების მომსახურება, მიღება, საბანკო ბარათების გაცემა, ანგარიშსწორების მოწესრიგება თუ რისკების შეფასება - ეს ყველაფერი იმგვარად განხორციელდა, რომ როგორც შიდა, ისე გარე დამკვირვებლებში, აღფრთოვანების გარდა, სხვა რეაქცია არ გამოუწვევია“, - ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა დავით რუსიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორის შეფასებით, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ეროვნული ბანკის მკაცრი, თუმცა ეფექტური საბანკო ზედამხედველობა და რეზერვების მართვის პოლიტიკა ასრულებს. მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვების ნაწილი ოქროში და ჩინურ ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების აქტიური შევსება ლარის კურსის ზედმეტი გამყარებისგან ეკონომიკის დაცვას უწყობს ხელს.
„უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში გვაქვს გარკვეულწილად მკაცრი, თუმცა ეფექტური საბანკო ზედამხედველობა. ამას თავად ეროვნული ბანკიც აღიარებს. ჩვენ ხშირად მოვუწოდებთ მათ რეგულაციების გარკვეული შერბილებისკენ, თუმცა ისინი კვლავ იმ არგუმენტს იშველიებენ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამ სიმკაცრეს იწონებენ და აქცენტს სწორედ მასზე აკეთებენ. გარდა ამისა, დღის წესრიგში დადგა რეზერვების დივერსიფიკაციის საკითხიც და საქართველოს საერთაშორისო რეზერვებიდან დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი ოქროშია დენომინირებული.
თუ ქალბატონ ნათიას (თურნავა) ერთ-ერთ მოხსენებას გავიხსენებთ, დაახლოებით 300 მილიონამდე ჩინურ ფასიან ქაღალდებშია დაბანდებული. დანარჩენი, რა თქმა უნდა, დოლარის რეზერვებშია, რომელიც კვლავინდებურად უალტერნატივოა. მიუხედავად იმისა, თუ რას ვსაუბრობთ ბაზარზე მიმდინარე გარკვეულ რყევებზე, დოლარი მაინც რჩება იმ ვალუტად, რომლისკენაც კრიზისის დროს ნებისმიერი ინვესტორი მიისწრაფვის - ჩვენგან დაწყებული, სხვა ნებისმიერი ქვეყნით დამთავრებული. მიგვაჩნია, რომ რეზერვებთან მიმართებაში საქართველოს ეროვნულ ბანკს დღეს გარკვეულწილად სწორი პოლიტიკა აქვს. დარწმუნებული ვარ, რეზერვების შევსების ასეთი აქტიური შესყიდვები რომ არა, ეს პროცესი ლარის კურსზე მყისიერად და ნეგატიურად აისახებოდა.
გამყარებული კურსი მოსახლეობისთვის შეიძლება პოზიტიური მაჩვენებელია, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით, ლარის ჭარბი გამყარება უარყოფითად აისახება როგორც ექსპორტზე, ისე იმპორტზე. კერძოდ, ამ დროს იმპორტი იაფდება, რაც ქვეყანაში უცხოური საქონლის მოცულობას ზრდის, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი ძვირდება და კონკურენტუნარიანობას კარგავს. სწორედ ამ პროცესში მკაფიოდ ჩანს ეროვნული ბანკის როლი, რომელიც დიდი სიფრთხილით ლავირებს გაცვლით კურსს, რეზერვების შევსებასა და ფინანსურ სტაბილურობას შორის“, - აღნიშნა საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა.
სხვა სიახლეები
კომერციული ბანკების წარმომადგენლებმა წამოაყენეს ინიციატივა, რომ ეროვნულმა ბანკმა სვოპ მექანიზმები შემოიღოს - დავით რუსია
03.06.2026.17:30
ჩვენც და დანარჩენი მსოფლიოც კვლავ არსებული განაკვეთების ფარგლებში დავრჩებით და ამ თვალსაზრისით, დოლარით დენომინირებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას არ უნდა ველოდოთ, - აცხადებს საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი დავით რუსია, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
დავით რუსიას განცხადებით, საბანკო სექტორში მოქმედი რეზერვებისა და კაპიტალის რეგულაციები შედარებით მკაცრია და ამ მიმართულებით კომერციულ ბანკებსა და ეროვნულ ბანკს შორის შეხვედრაზე გარკვეული ცვლილებების ინიციატივებიც განიხილეს, თუმცა საკითხები ამ ეტაპზე მხოლოდ განხილვის დონეზე რჩება. მისი თქმით, დოლარიზაციის სტრუქტურაც შეიცვალა და დოლარული მასა ძირითადად ფიზიკურ პირებსა და მიკროსესხებზე აღარ ნაწილდება.
„რაც შეეხება დოლარის მასას, ის, ბუნებრივია, ფიზიკურ პირებსა და მიკრო სესხებზე არ მიიმართება და პირდაპირ SME (მცირე და საშუალო ბიზნესი) და კორპორატიულ სეგმენტზე ნაწილდება. კომერციული ბანკების წარმომადგენლებმა წამოაყენეს ინიციატივა, რომ ეროვნულმა ბანკმა სვოპ მექანიზმები შემოიღოს. ეს ინსტრუმენტი ბანკებს საშუალებას მისცემს, დოლარული მასა ცენტრალურ ბანკში განათავსონ, სანაცვლოდ კი ლარის რესურსი მიიღონ, რომელსაც მოგვიანებით, ვალდებულების გასტუმრებისას, უკან დააბრუნებენ. ეროვნული ბანკის პოზიციით, მათთვის ცნობილია ამ ინსტრუმენტის ეფექტურობა, თუმცა მიაჩნიათ, რომ საბაზრო მექანიზმებში ზედმეტად ჩარევის უფლება არ აქვთ და ამ საკითხის დარეგულირება უმჯობესია თავად საბანკო სისტემას მიენდოს.
რაც შეეხება უშუალოდ მონეტარული პოლიტიკის მართვას - ეროვნულმა ბანკმა მაისში ერთდროულად რამდენიმე ინსტრუმენტი აამუშავა, რაც გარკვეულწილად მოულოდნელიც კი იყო. მათ შორის იყო რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება, რომელიც, როგორც იცით, 8.25%-მდე განისაზღვრა. ჩვენ, როგორც წესი, ორიენტირად ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სარეზერვო სისტემასა და ევროპის ცენტრალურ ბანკს ვიღებთ. ვინაიდან ამ პერიოდში არც აშშ-ს და არც ევროპის ცენტრალურ ბანკს საპროცენტო განაკვეთები არ შეუცვლიათ, ჩვენც ველოდით, რომ მაისში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამდა. მით უმეტეს, რომ ივნისი, ივლისი და აგვისტო მაინც ტურისტული სეზონია და შესაბამისად უფრო მეტად შეიძლება სექტემბერში გვქონოდა პირველი ცვლილება. თუმცა ეროვნულმა ბანკმა რაღაცნაირად პრევენცია მოახდინა“, - აღნიშნა დავით რუსიამ.
საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორის შეფასებით, გლობალურ მონეტარულ პოლიტიკაში საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინები ჯერჯერობით სუსტდება, რადგან აშშ-ში ინფლაცია 3.8%-ის დონეზე რჩება და ფედერალური რეზერვის 11-12 ივნისის სხდომაზე განაკვეთის შემცირება ნაკლებად მოსალოდნელია. მისი თქმით, მსგავსი ტენდენციაა ევროპაშიც, სადაც ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან პოლიტიკის შერბილების ნაცვლად ახალი გამკაცრების სცენარებიც განიხილება. რუსიას შეფასებით, არსებული პირობები დოლარულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების გაიაფებას არ უნდა გვაძლევდეს მოლოდინს, ხოლო დამატებითი გაურკვევლობა, მათ შორის ჰორმუზის სრუტის გარშემო არსებული გეოპოლიტიკური რისკები, გლობალურ ბაზრებზე სტაბილურობის პერსპექტივას კიდევ უფრო ამცირებს.