ქვეყანაში მოქმედი საგადახდო სადებეტო ბარათების ბაზრის ლიდერი კვლავ Mastercard-ია
სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 13.6%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვის მონაცემებთან შედარებით 0,6%-ით.
2025 წლის დეკემბრის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 10,780,644 ერთეული სადებეტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე მათ რაოდენობა 9,491,729 ბარათს შეადგენდა.
საქართველოში სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2025 წლის დეკემბრის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 5,751,098 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.
Mastercard-ის ბარათების მიმდინარე მონაცემები კი ნოემბრის მაჩვენებლებთან შედარებით 0,04%-იან, ხოლო 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 13.2%-იან ზრდას აჩვენებს.
დეკემბრის ბოლოს არსებული სტატისტიკის მიხედვით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 53,3%-ს Mastercard-ი ფლობს, 29,2%-ს VISA, AMEX კი 14,3%-ის მფლობელია. დანარჩენი სადებეტო ბარათები კი სხვა სისტემებზე ნაწილდება.
2025 წლის დეკემბრის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 3,148,911 ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 2,7%-ია, ხოლო 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 17.6%-ითაა გაზრდილი.
რაც შეეხება AMEX-ს, დეკემბერში მისი სადებეტო ბარათების რაოდენობა 1,546,672 ერთეული იყო, რაც თვიურ ჭრილში 2,5%-იან კლებას, ხოლო წლიურ ჭრილში 18%-იან ზრდას აჩვენებს.
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს
30.07.2026.12:47
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.
მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.
ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.