რა ფაქტორებმა იმოქმედა ნოემბრის ინფლაციაზე - სებ-ის თვის მიმოხილვა
ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით სამომხმარებლო კალათაზე ყველაზე მეტად ფასების სეზონურმა ცვლილებებმა იმოქმედა, - ამის შესახებ სებ-ის მიერ მომზადებულ თვის მიმოხილვაშია აღნიშნული. სებ-ის ცნობით, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება.
„ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.3% შეადგინა. ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას მეტწილად ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაციის დაბალი დონე განაპირობებს, რაც თავის მხრივ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაზე მიუთითებს. წინა თვესთან შედარებით ინფლაცია 0.7%-ით გაიზარდა, რაც მეტწილად გარკვეული სურსათის ფასების მატებას უკავშირდება. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 1.6% შეადგინა“, - აღნიშნულია თვის მიმოხილვაში.
ნოემბერში გასულ თვესთან შედარებით სამომხმარებლო კალათაზე ყველაზე მეტად ფასების სეზონურმა ცვლილებებმა იმოქმედა. პომიდორის, კიტრის და მწვანილის გაძვირებამ თვის ინფლაცია ჯამში 0.4 პროცენტული პუნქტით (პპ) გაზარდა, ბენზინის გაიაფებამ კი 0.1 პპ-ით შეამცირა. წლიურ ჭრილში ინფლაციის მატებაზე მეტწილად გარკვეული სურსათის გაძვირებამ იმოქმედა. მიმდინარე წლის განმავლობაში სურსათის ფასები მეტწილად დეფლაციური იყო. ნოემბერში კი სურსათის ფასებმა წლიურად 2.7%- ით მოიმატა, რისი გავლენაც ინფლაციაზე 0.8 პპ-ია. აქედან გამოსარჩევი მწვანილის, პომიდვრის და ჩამოსასხმელი ღვინის გაძვირებაა (ჯამური გავლენა ინფლაციაზე 0.5 პპ). ინფლაციის შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად ინტერნეტის, ბენზინის და ელექტროენერგიის გადასახადის შემცირება მოქმედებდა (ჯამში 1.0 პპ)
„ადგილობრივი ინფლაცია დაბალ დონეზე ნარჩუნდება და ნოემბერში 1.8% შეადგინა. მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივი ინფლაციის ძირითადი შემადგენელია, ნოემბერში 2.0%-ის დონეზე იყო. იმპორტირებული პროდუქტები, პირველ რიგში საწვავის ფასების გავლენით (-0.4 პპ), ნოემბერში დეფლაციური იყო (-1.7%). შერეული პროდუქტების ინფლაცია 3.1%-მდე გაიზარდა და ამის მთავარი მიზეზი შერეულად წარმოებული სურსათის (მწვანილი, პომიდორი, შოკოლადი) გაძვირებაა“, - განმარტავენ სებ-ში.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.