რა ტიპის პრეტენზიებს აფიქსირებენ მომხმარებლები კომერციულ ბანკებთან ურთიერთობაში
სექტემბერში კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მხრიდან დაფიქსირებულმა პრეტენზიებმა 2 222 ერთეული შეადგინა, რაც გასულ თვესთან შედარებით 36%-ით მეტი მაჩვენებელია, ხოლო გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს კი 46%-ით აღემატება.
სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, მომხმარებელთა მხრიდან ყველაზე მეტი პრეტენზია მიმდინარე ანგარიშს/სადებეტო ბარათებს უკავშირდება, ამ მიმართულებაზე მთლიანი პრეტენზიების 40%-ი მოდის.მეორე ადგილზეა სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებული პრეტენზიები.
რაც შეეხება დაფიქსირებულ პრეტენზიებს, სტატისტიკა ასეთია:
ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები - 763 პრეტენზია;
ტრანზაქციები - 739 პრეტენზია;
ადმინისტრაცია/მომსახურება - 305 პრეტენზია;
ჯარიმები და ვადაგადაცილების საკომისიოები - 80 პრეტენზია;
თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაცია - 75 პრეტენზია;
მომსახურების საკომისიოები - 64 პრეტენზია;
საპროცენტო შენატანები - 36 პრეტენზია;
ეთიკასთან დაკავშირებული - 28 პრეტენზია;
მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა - 21 პრეტენზია;
სხვა გადასახდელები - 6 პრეტენზია;
სექტემბერში დაფიქსირებული 2222 პრეტენზიიდან კომერციულმა ბანკებმა 905 პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, ხოლო 501 პრეტენზია - საფუძვლიანად.
811 პრეტენზიაზე კომერციული ბანკებში განხილვა ჯერ არ დასრულებულა, ხოლო 5 პრეტენზიის შემთხვევაში განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.