რას უკავშირდება ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციის კლება - სებ-ის განმარტება
ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციის კლება გრძელდება, რაც მეტწილად სურსათის ფასების წლიურ გაიაფებას და ზოგიერთ მომსახურებაზე (ბინის ქირა, სამედიცინო მომსახურება და ა.შ) საბაზო ეფექტის ამოწურვას უკავშირდება.
როგორც სებ-ის თვის მიმოხილვაში წერია, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია დეკემბერში 3.6%-მდე შემცირდა. სურსათის ფასების წლიური შემცირება შერეულად წარმოებული პროდუქტების ფასების ინფლაციის შემცირებაზეც აისახება. იმპორტირებული პროდუქტების დეფლაცია მცირდება (-0.2%) და ამის მიზეზი პირველ რიგში საწვავის ფასების ზრდა და საბაზო ეფექტია.
„შედარებით მაღალ ადგილობრივ ინფლაციას წლიურად გაძვირებული მომსახურება (6.6%) განაპირობებს. მომსახურების წვლილი ადგილობრივ ინფლაციაში 3.6 პპ-ია, შესაბამისად, მომსახურების გამოკლებით ადგილობრივი ინფლაცია ნულის ტოლია. თავის მხრივ, მომსახურების ინფლაციაში ყველაზე მაღალი წვლილი საბანკო მომსახურების გაძვირებას (1.5 პპ მომსახურების ინფლაციაში) აქვს“, - განმარტავენ სებ-ში.
საგულისხმოა, რომ 2023 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.4% შეადგინა, ხოლო ნოემბერთან შედარებით ფასები 0.1%-ით გაიზარდა. დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია. ამავდროულად, მსოფლიოში სურსათის ფასების კლების ტენდენცია მეტწილად გრძელდება. ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი მყარ პოზიციას ინარჩუნებს. ეს კი საგარეო შოკების ეტაპობრივ მილევასთან ერთად იმპორტირებული ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას ხელს უწყობს. დეკემბერსა და იანვარში წითელ ზღვაში არსებულმა დაძაბულობამ საერთაშორისო ტრანსპორტირების ფასები მკვეთრად გაზარდა. ამ ფაქტს ჯერჯერობით საქონლის ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. ტრანსპორტირების ფასების შემდგომი ცვლილება წითელ ზღვაში მიმდინარე კონფლიქტის ხანგძლივობასა და ინტენსივობაზე იქნება დამოკიდებული.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.