როგორი იქნება 2025 წელს გაცვლითი კურსი - ეკატერინე მიქაბაძის შეფასება
საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი. ჩვენ არ გვაქვს პროგნოზირებული მაჩვენებელი. ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც განსაზღვრავს ეკონომიკური ფუნდამენტები გაცვლით კურსს, შესაბამისი მაჩვენებელი ექნება,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას, დეპუტატის მიერ მომავალ წელს ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
სებ-ის ვიცე პრეზიდენტის შეფასებით, შემოდინებების სტაბილურობის გათვალისწინებით, [ლარის კურსის] მაღალი მერყეობა არ ფიქსირდება.
„რაც შეეხება ეკონომიკურ ფუნდამენტებს, მოგეხსენებათ ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალია. შემოდინებების თვალსაზრისით საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები გვაქვს, როგორც საქონლის, ისე მომსახურების ექსპორტის მიმართულებით. შესაბამისად, შემოდინებების სტაბილურობის გათვალისწინებით, მაღალი მერყეობა არ ფიქსირდება“,- აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.