როგორი იყო საქართველოს საგადასახდელო ბალანსი 2023 წელის მეოთხე კვარტალში - სებ
2023 წლის მეოთხე კვარტალში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა 558.9 მლნ აშშ დოლარი (1.5 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი.
2023 წლის მეოთხე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 0.2 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა -7.4 პროცენტიდან -6.7 პროცენტამდე შემცირდა. მთლიანად 2023 წლისთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-სთან ფარდობამ -4.3 პროცენტი შეადგინა.
მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, მეოთხე კარტალში, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 8.7 პროცენტით შემცირდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარი (4.4 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 2.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 5.3 პროცენტით შემცირდა.
მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი 2023 წლის მეოთხე კვარტალში 873.7 მლნ აშშ დოლარს (2.4 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 12.6 პროცენტით ნაკლებია.
2023 წლის მეოთხე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -478.9 მლნ აშშ დოლარი (-1.3 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 2.8 პროცენტით შემცირდა, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 10.4 პროცენტით გაიზარდა.
მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 1.1 პროცენტით შემცირდა და 2023 წლის მეოთხე კვარტალში 937.6 მლნ აშშ დოლარს (2.5 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 0.5 პროცენტით შემცირდა 868.5 მლნ აშშ დოლარამდე (2.3 მლრდ ლარი). ამავდროულად, სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები 19.0 პროცენტით გაიზარდა.
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეოთხე კვარტალში 149.5 მლნ აშშ დოლარი (402.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 1.8 პროცენტია.
საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშვებული მეთოდოლოგიის "საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.