საბანკო ასოციაციის, კომერციული ბანკებისა და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ჩართულობით, საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის ზღვარის გადახედვაზე მიდის მუშაობა
აპრილში საქართველოს საბანკო სისტემის ჯამური აქტივები 1.97%-ით გაიზარდა და 110 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო დოლარში პირველად გადააჭარბა 40 მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტს. ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა დავით რუსიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, ზრდას განაგრძობს საკრედიტო პორტფელიც, რასაც ეროვნული ბანკიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.
„საქართველოს საბანკო სისტემა დღითი დღე იმდენად მიმზიდველი და საინტერესო ხდება, რომ უცხოელი ინვესტორები, რა თქმა უნდა, ჩვენს შედეგებს უცხოურ ვალუტაში აფასებენ. საკრედიტო პორტფელი ასევე მზარდია, რაზედაც ეროვნული ბანკიც ამახვილებს ყურადღებას. საკრედიტო პორტფელი დაახლოებით 75 მილიარდი ლარია, რაც, აქტივებთან უკეთ შესადარებლად, დაახლოებით 68,5%-ს შეადგენს.
ეს ნიშნავს, რომ ძირითადი აქტივი, რომელსაც საბანკო სექტორისთვის შემოსავალი მოაქვს, მაინც კრედიტებია. მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით დიდი რეფორმები ტარდება, საკრედიტო პორტფელი, ფულის დაბანდების თვალსაზრისით, დღესდღეობით მაინც უცილობელ ლიდერად რჩება“, - აღნიშნა საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა.
დავით რუსიას განცხადებით, საბანკო სისტემაში აქტივების ზრდა, სავარაუდოდ, მაისში კრედიტების ზრდაშიც აისახება. მისივე თქმით, 2022 წლიდან დეპოზიტების მოცულობა სისტემაში სტაბილურად იზრდება და ამჟამად მთლიანი საკრედიტო პორტფელის დაახლოებით 97%-ს შეადგენს.
„თუ მონაცემებს ცალკეულ ბანკებზე ჩავშლით, რა თქმა უნდა, ეს თანაფარდობა ზოგ ბანკში 51%-ს შეადგენს, ზოგში კი 87%-მდე ადის. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ საშუალოდ 68-71%-ის ფარგლებში ვიმყოფებით და ვფიქრობთ, რომ აქტივების ეს აპრილის ზრდა მაისის კრედიტების ზრდაში უკვე აისახება. 2022 წლიდან მოყოლებული, სისტემაში დეპოზიტების მოცულობაც იზრდება. ის პერიოდულად საკრედიტო პორტფელსაც კი უტოლდება, თუმცა დღესდღეობით მთლიანი საკრედიტო პორტფელის დაახლოებით 97%-ს შეადგენს.
ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საბანკო სისტემის მიმართ ნდობა და ინტერესი მაღალია. სადეპოზიტო პორტფელი მზარდია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე უცხოელების მხრიდან. ამას, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო გატარებულმა რეფორმებმაც. საქართველოში არსებობს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო, რომელიც თითოეულ ბანკში იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტებს 50 000 ლარის ფარგლებში აზღვევს.
ხშირად ამბობენ, რომ ევროკავშირს უნდა დავუახლოვდეთ. შევახსენოთ მომხმარებელს, რომ ევროკავშირში ეს ზღვარი დაახლოებით 100 000 ევროა და, ალბათ, ეს არის ის ნიშნული, რომლისკენაც მივისწრაფვით. თუმცა, ამ ეტაპზე ჯერჯერობით მიღწეულია გაჟღერებული 50 000 ლარი. საბანკო ასოციაციის, ბანკებისა და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ჩართულობით, დღეს უკვე ვმუშაობთ ახალი ზღვრის შემუშავებაზე. ვნახოთ, რა ზღვარი იქნება ეს, რა ეტაპებისგან შედგება და როგორ მივაღწევთ მას“, - აღნიშნა დავით რუსიამ.
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს
30.07.2026.12:47
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.
მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.
ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.