საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვისწრაფვით ავაშენოთ თანამედროვე სატრანსპორტო ქსელი, რომელიც რეგიონს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება - ლაშა ხუციშვილი
საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვისწრაფვით ავაშენოთ თანამედროვე სატრანსპორტო ქსელი, რომელიც რეგიონს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება, - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის 372 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის შეფასებისას.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტი მნიშნელოვანია შუა დერეფნის ეფექტიანობისა და რეგიონული კავშირების გასაძლიერებლად.
„ეს ინვესტიციები მნიშვნელოვანია არა მარტო ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, არამედ მზარდი საერთაშორისო სავაჭრო ნაკადების და უფრო დივერსიფიცირებული, დაცული მიწოდების ჯაჭვების მხარდასაჭერადაც, რამდენადაც საქართველოს რკინიგზის და საგზაო კავშირების განახლება გააუმჯობესებს შუა დერეფნის ეფექტიანობას და გააძლიერებს რეგიონული კავშირების მდგრადობას," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, პროექტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 751 მილიონი აშშ დოლარია, რაც მოიცავს 372 მილიონ აშშ დოლარს მსოფლიო ბანკის ჯგუფისგან, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა 175 მილიონ აშშ დოლარის აზიის განვითრების ბანკისგან (ADB) და 182 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან (AIIB) დაფინანსების მიღების მიმართულებით.
პროექტი ითვალისწინებს სარკინიგზო გამტარუნარიანობის გასაზრდელად საქართველოს რკინიგზისთვის ელექტრო სარკინიგზო ლოკომოტივების შეძენას, ელექტრო ქვესადგურების მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას; და საავტომობილო გზის მონაკვეთების – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე და საავტომობილო გზის მონაკვეთის – გურჯაანიდან თელავამდე მშენებლობას. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის, სატრანსპორტო კვანძებს, ესტაკადებს, ხიდებს, ასევე საგზაო უსაფრთხოების ზომების მიღებასა და საგზაო სექტორის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას.
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს
30.07.2026.12:47
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.
მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.
ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.