საერთაშორისო რეზერვებმა 5.01 მლრდ დოლარი შეადგინა
ოფიციალურმა საერთაშორისო რეზერვებმა 5,009,602.4 ათასი დოლარი შეადგინა, საიდანაც 91%-ი უცხოური ვალუტის რეზერვებია. სებ-ის სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით უცხოური ვალუტის რეზერვებმა 4,553,724.9 ათასი დოლარი შეადგინა. სესხების სპეციალური უფლებების (SDR) მაჩვენებელი კი დეკემბრის ბოლოსთვის 451,697.4 ათას დოლარს შეადგენდა, ხოლო სარეზერვო პოზიცია საერთაშორისო სავალუტო ფონდში - 29.2 ათასი დოლარი. სხვა სარეზერვო აქტივებმა კი 4,150.9 ათასი დოლარი შეადგენდა.
ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნქცია საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მართვაა, რომელიც მისი ბალანსის ყველაზე მსხვილ აქტივს წარმოადგენს. საერთაშორისო სარეზერვო აქტივების დასაშვები შემადგენლობა განისაზღვრება ორგანული კანონით.
საერთაშორისო სარეზერვო აქტივების გაანგარიშდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიით და ქვეყნდება თვის დამთავრებიდან მე-7 დღეს, ეროვნული ბანკის საიტზე.
საერთაშორისო რეზერვების მართვის ძირითად პრინციპებსა და სტრატეგიებს ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო. ძირითადი პრინციპებია პირველ რიგში უსაფრთხოება, შემდეგ ლიკვიდურობა და ბოლოს შემოსავლიანობა. შესაბამისად საერთაშორისო რეზერვები განთავსებულია მხოლოდ მაღალი რეიტინგის მქონე სახელმწიფო და მულტინაციონალურ ფასიან ქაღალდებსა და ბანკების დეპოზიტებზე.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.