საერთაშორისო რეზერვებში ოქროს კომპონენტის შემოტანაზე, სებ-ის გადაწყვეტილება პოზიტიურია - ლაშა ქავთარაძე
სებ-ის საბჭოს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო რეზერვებში ოქრო ემატება და რეზერვების ნაწილი მონეტარულ ოქროში განთავსდება.
როგორც Galt&Taggart-ის ანალიტიკოსმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა სებ-ის საერთაშორისო რეზერვებში ოქროს კომპონენტის შემოტანა მნიშვნელოვანია, რადგან ეს რეზერვებს დივერსიფიცირებულს ხდის და ამ მიმართულებით სებ-მა პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღო.
„ბოლო პერიოდში გამოიკვეთა მსოფლიო ტენდენცია და ცენტრალური ბანკები ცდილობენ ოქროს რეზერვები კიდევ უფრო გაზარდონ. სებ-იც გადავიდა ოქროს კომპონენტის ჩართვაზე. ვფიქრობ ეს კარგია, რადგან ოქრო არის ერთ-ერთი ყველაზე ლიკვიდური აქტივი, რომელზეც მოთხოვნა მაღალია და ვფიქრობ, რომ ამ მეტალზე მზარდი მოთხოვნა შემდგომ პერიოდებშიც შენარჩუნდება“, - ამბობს ლაშა ქავთარაძე.
Galt&Taggart-ის ანალიტიკოსის შეფასებით, საერთაშორისო რეზერვების პორტფელის დივერსიფიცირებისთვის აშშ დოლარი მნიშვნელოვანი ვალუტაა, თუმცა არის პერიოდები, როცა დოლარის პოზიციები სუსტია.
„ჩვენ რისკები საერთაშორისო დონეზე ჩვენ გვაქვს აშშ დოლარში, რომელიც ძლიერი ვალუტაა. თუმცა წარსულს თუ გადავხედავთ, იყო პერიოდები, როცა დოლარი შესუსტებული იყო. ოქრო არის ისეთი აქტივი, რომელიც ყველა ვალუტაში იყიდება და მისი ფასი იმ შემთხვევაშიც იზრდება, როცა დოლარი სუსტდება სხვა ვალუტებთან მიმართებით“, - აღნიშნა ქავთარაძემ.
ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაემატა.
უკანასკნელ წლებში მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საერთაშორისო რეზერვებში ოქროს მოცულობა მნიშვნელოვნად იზრდება, რაც ორი ძირითადი ფაქტორითაა განპირობებული: პირველი - ოქრო განიხილება, როგორც უსაფრთხო და სასურველი აქტივი ეკონომიკური, ფინანსური და გეოპოლიტიკური გამოწვევების დროს და მეორე - ოქრო პორტფელის დივერსიფიცირების კარგ საშუალებად მიიჩნევა.
მიმდინარე ეტაპზე მსოფლიოს მასშტაბით, მთლიანი სავალუტო რეზერვების 1/8 სწორედ ოქროშია განთავსებული, ხოლო ცენტრალური ბანკები მთლიანი ოქროს 20%-ს ფლობენ. 2023 წლის განმავლობაში ცენტრალურმა ბანკებმა სულ 1037 ტონა ოქრო შეიძინეს, რაც მასზე მთლიანი მოთხოვნის 28%-ს შეადგენს. მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ყველაზე მეტი ოქრო პოლონეთისა და ჩეხეთის ცენტრალურმა ბანკებმა დააგროვეს. ბოლო მონაცემებით, 2023 წელს ოქროს რეზერვების მოცულობა 1.3%-ით გაიზარდა. ჯამური ოქროს რეზერვების მეოთხედს კი აშშ-ი ფლობს - 25.4%, გერმანია - 10.5%, ხოლო იტალია და საფრანგეთი - 7.6%-ს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შიდა სავალუტო ბაზარზე რეკორდული მოცულობის - 1.5 მლრდ აშშ-ის დოლარი შეიძინა, რამაც რეზერვების მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა. ყოველივე ამან კი პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეროვნულ ბანკს საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს აქტივების დამატების შესაძლებლობა მისცა.
"მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენს სავალუტო რეზერვებს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მონეტარული ოქრო დავამატეთ. ჩვენი მიდგომაა, ყოველთვის ვეცადოთ გავზარდოთ საერთაშორისო რეზერვები, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ე.წ. უსაფრთხოების ბალიში. ახლა არამხოლოდ ვზრდით, არამედ დივერსიფიცირებასაც ვახდენთ და პირველად ჩვენს ქვეყანას, ცენტრალურ ბანკს, საერთაშორისო რეზერვებში ექნება ჩართული ოქრო, როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო და ყოველთვის ღირებული აქტივი", - განაცხადა ნათია თურნავამ.
სებ-ის საბჭოს 2024 წლის 1-ლი მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ-ის დოლარის მოცულობის, 7 ტონა, უმაღლესი სინჯის (999.9) მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა და ამჟამად ლონდონშივე ინახება. შეძენილი ოქროს მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით, სებ-ის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 11%-ს უტოლდება. აღნიშნული ოქრო საქართველოში სებ-ის საცავში განთავსდება.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.