საგადახდო ბარათებით ქვეყნის გარეთ განხორციელებული ოპერაციები მზარდია
2024 წლის მაისში საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 803 495 000 ლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი კი წინა თვესთან შედარებით 7%-იან, ხოლო წლიურ ჭრილში 26%-იან ზრდას აჩვენებს.
სებ-ის სტატისტიკის თანახმად, რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათებით ქვეყნის გარეთ განხორციელებული ოპერაციებმა მაისში 5 639 452 ერთეული შეადგინა, რომლის დროსაც 803 495 000 ლარის ტრანზაქცია დაფიქსირდა.
საზღვარგარეთ საგადახდო ბარათებით განხორციელებულ ოპერაციებში პოს-ტერმინალებით, იმპრინტერებით და ინტერნეტით გადახდები ლიდერობს.
უფრო კონკრეტულად, მაისში საზღვარგარეთ ბანკომატებიდან 73 138 ერთეული ოპერაცია განხორციელდა, რომელმაც მთლიანობაში 69 034 000 ლარი მოიცვა. ხოლო პოს-ტერმინალების, იმპრინტერებისა და ინტერნეტის ბალანსზე 5 566 314 ერთეული ოპერაცია და მთლიანობაში ამ არხებში გატარებული 734 461 000 ლარია.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათებით ქვეყნის გარეთ განხორციელებული ოპერაციები მზარდია, როგორც ტრანზაქციების რაოდენობის ისე გატარებული თანხების მოცულობის მიხედვით.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.