საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო იანვარში ბიუჯეტში 18 მლნ-მდე ლარი შევიდა
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში შესული თანხები 5%-ითაა გაზრდილი. 2024 წლის იანვარში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო სახელმწიფო ხაზინამ 17,982,850.04 ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 17,108,842.34 ლარი.
მიმდინარე წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხების 60%-ის აკუმულირება ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში მოხდა, ხოლო დარჩენილი 40%-ის სახელმწიფო ბიუჯეტში. უფრო კონკრეტულად სახელმწიფო ბიუჯეტმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 7,193,733.87 ლარი მიიღო, ხოლო ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტებმა 10,789,116.17 ლარი.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ბიუჯეტში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო სულ 198,195,949.24 ლარი შევიდა.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.