საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს - სამი საერთაშორისო სტიპენდია ახალგაზრდებისთვის
საქართველოს ბანკი, მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი მიზანდასახულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, სამი საერთაშორისო სტიპენდიის ფარგლებში გახდნენ საქართველოს ბანკის რჩეულები, მიიღონ 100%-იანი დაფინანსება და გაემგზავრონ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად.
ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში.
საქართველოს ბანკის დაფინანსების მოპოვება შემდეგი საერთაშორისო სტიპენდიების ფარგლებში არის შესაძლებელი:
ფულბრაიტის სტიპენდია
ფულბრაიტის სტიპენდია აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროგრამაა, რომელიც წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტებში 2-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით სწავლას გულისხმობს.
საქართველოს ბანკი იმ სტუდენტებს, რომლებმაც ბაკალავრიატის საფეხური უკვე წარმატებით დაასრულეს, აძლევს შესაძლებლობას, შეავსონ განაცხადი და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მაგისტრატურის საფეხური აშშ-ის პრესტიჟულ უნივერსიტეტში გაიარონ.
ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდია 2 წლის განმავლობაში სწავლის სრულ დაფინანსებას და ყოველთვიურ სტიპენდიას გულისხმობს.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კი უკვე 12 სტუდენტი გაემგზავრა აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად. პროგრამის კონკრეტული მოთხოვნებისა და კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე.
ინფორმაციისთვის, ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამის მთავარი დამფინანსებელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროა და კანდიდატთა შერჩევას საქართველოში აშშ-ის საელჩო აწარმოებს.
ჩივნინგის სტიპენდია
ჩივნინგის სტიპენდიის ფარგლებში, საქართველოს ბანკი შესაძლებლობას აძლევს მიზანდასახულ ახალგაზრდებს, ერთი წლის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე მიიღონ განათლება.
ჩივნინგის სტიპენდია დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები აფინანსებენ. მსოფლიოს მასშტაბით სტიპენდიით 118 ქვეყნის წარმომადგენლები სარგებლობენ, მათ შორის საქართველოცაა.
საქართველოს ბანკმა დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან პარტნიორობა 2013 წელს დაიწყო. ფინანსური ინსტიტუტის დაფინანსებით, ჩივნინგის სტიპენდია საქართველოდან უკვე 26-მა ახალგაზრდამ მიიღო და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.
პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკი ახალგაზრდებს სწავლისათვის საჭირო ხარჯებს სრულად უფინანსებს. კონკურსში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Europe-ში
საქართველოს ბანკისა და Miami Ad School Europe-ის თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა კრეატიულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი იდეები რეალობად აქციონ.
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით Art Direction-ის ან Copywriting-ის მიმართულებით გერმანიაში 2-წლიანი პორტფოლიო პროგრამის გავლა 100%-იანი დაფინანსებით არის შესაძლებელი.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, უკვე ოთხმა ახალგაზრდამ შეძლო მიეღო განათლება კრეატიული ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში - Miami Ad School Europe-ში.
კონკურსში მონაწილეობის შესახებ წესები და შერჩევის კრიტერიუმები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.
სხვა სიახლეები
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები
18.09.2026.14:36
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.
საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.
აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.
მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.
საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას