საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერში ციფრული სასაჩუქრე ბარათების შექმნას ბიზნესები დამოუკიდებლად შეძლებენ
საქართველოს ბანკი სიახლეების დანერგვას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა მომხმარებლებს ახალი პროდუქტი - ციფრულ სასაჩუქრე ბარათი წარუდგინა.
რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მომხმარებლისთვის დამოუკიდებლად შექმნან ციფრული სასაჩუქრე ბარათები, რომელთა ნახვას და შეძენას ისინი მობილბანკსა და ინტერნეტბანკში შეძლებენ.
ციფრული სასაჩუქრე ბარათის შეძენა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი და ის ადრესატთან მომენტალურად იგზავნება. მასზე კონკრეტული მოცულობის თანხა წინასწარაა დარიცხული და მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული პროდუქტი თუ სერვისი ამ ლიმიტის ფარგლებში შეიძინოს. ბიზნესებს სურვილისამებრ შეუძლიათ შექმნან ციფრული სასაჩუქრე ბარათი საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერიდან და განსაზღვრონ: თანხის ლიმიტი, გამოყენების ვადა და ბარათის დიზაინი. ბიზნესები ასევე შეძლებენ ნახონ გაყიდული ბარათების ანალიტიკა: რა რაოდენობის ციფრული სასაჩუქრე ბარათი გაიყიდა, ბარათზე არსებული ბალანსი და სხვა.
აღსანიშნავია, რომ მობილბანკში სასაჩუქრე ბარათების შეძენა და გაგზავნა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის მომხმარებლისთვის. ბარათის გასააქტიურებლად მხოლოდ ტელეფონის ნომერია საჭირო.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს მომხმარებლებს ისეთი ინოვაციური პროდუქტები და ტექნოლოგიური გადაწყვეტები შევთავაზოთ, რომელიც მათი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერის მეშვეობით, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ დამოუკიდებლად შექმნან ციფრული სასაჩუქრე ბარათი და მიწვდნენ მომხმარებლებს, რომლებიც სახლიდან გაუსვლელად, წამებში შეიძენენ სასაჩუქრე ბარათებს როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვისთვის, იქნება ეს დაბადების დღე, ახალი წელი თუ სხვა ნებისმიერ მნიშვნელოვანი თარიღი. მომხმარებელს ასევე შეუძლია აირჩიოს ბარათისთვის სასურველი ვიზუალი და მისალოცი წერილიც დაურთოს მას. ეს ერთის მხრივ, ეს კარგი სიახლეა მომხმარებლებისთვის, რადგან თუ ბარათის მოქმედების ვადის განმავლობაში ის თანხას არ გამოიყენებს, აუთვისებელი თანხა დარჩება მის ანგარიშზე. ბიზნესს კი შესაძლებლობას აძლევს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღოს, მიწვდეს სამიზნე აუდიტორიას და კიდევ უფრო მეტად განავითაროს საკუთარი ბიზნესი. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ სერვისებისა თუ თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნაზე მუშაობას“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში
ინფორმაციისთვის, ბიზნესები, ციფრული სასაჩუქრე ბარათის შექმნას საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერის მეშვეობით შეძლებენ. ამისთვის საჭიროა ფიზიკური გადახდის მეთოდი ჰქონდეთ. მათ კი ვისაც ჯერ არ აქვს ტერმინალი, შეუძლია საქართველოს ბანკის პირველი ტერმინალი მარტივად, ონლაინ მოითხოვონ.
თუ ჯერ კიდევ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ
სხვა სიახლეები
კომერციული ბანკების წარმომადგენლებმა წამოაყენეს ინიციატივა, რომ ეროვნულმა ბანკმა სვოპ მექანიზმები შემოიღოს - დავით რუსია
03.06.2026.17:30
ჩვენც და დანარჩენი მსოფლიოც კვლავ არსებული განაკვეთების ფარგლებში დავრჩებით და ამ თვალსაზრისით, დოლარით დენომინირებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას არ უნდა ველოდოთ, - აცხადებს საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი დავით რუსია, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
დავით რუსიას განცხადებით, საბანკო სექტორში მოქმედი რეზერვებისა და კაპიტალის რეგულაციები შედარებით მკაცრია და ამ მიმართულებით კომერციულ ბანკებსა და ეროვნულ ბანკს შორის შეხვედრაზე გარკვეული ცვლილებების ინიციატივებიც განიხილეს, თუმცა საკითხები ამ ეტაპზე მხოლოდ განხილვის დონეზე რჩება. მისი თქმით, დოლარიზაციის სტრუქტურაც შეიცვალა და დოლარული მასა ძირითადად ფიზიკურ პირებსა და მიკროსესხებზე აღარ ნაწილდება.
„რაც შეეხება დოლარის მასას, ის, ბუნებრივია, ფიზიკურ პირებსა და მიკრო სესხებზე არ მიიმართება და პირდაპირ SME (მცირე და საშუალო ბიზნესი) და კორპორატიულ სეგმენტზე ნაწილდება. კომერციული ბანკების წარმომადგენლებმა წამოაყენეს ინიციატივა, რომ ეროვნულმა ბანკმა სვოპ მექანიზმები შემოიღოს. ეს ინსტრუმენტი ბანკებს საშუალებას მისცემს, დოლარული მასა ცენტრალურ ბანკში განათავსონ, სანაცვლოდ კი ლარის რესურსი მიიღონ, რომელსაც მოგვიანებით, ვალდებულების გასტუმრებისას, უკან დააბრუნებენ. ეროვნული ბანკის პოზიციით, მათთვის ცნობილია ამ ინსტრუმენტის ეფექტურობა, თუმცა მიაჩნიათ, რომ საბაზრო მექანიზმებში ზედმეტად ჩარევის უფლება არ აქვთ და ამ საკითხის დარეგულირება უმჯობესია თავად საბანკო სისტემას მიენდოს.
რაც შეეხება უშუალოდ მონეტარული პოლიტიკის მართვას - ეროვნულმა ბანკმა მაისში ერთდროულად რამდენიმე ინსტრუმენტი აამუშავა, რაც გარკვეულწილად მოულოდნელიც კი იყო. მათ შორის იყო რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება, რომელიც, როგორც იცით, 8.25%-მდე განისაზღვრა. ჩვენ, როგორც წესი, ორიენტირად ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სარეზერვო სისტემასა და ევროპის ცენტრალურ ბანკს ვიღებთ. ვინაიდან ამ პერიოდში არც აშშ-ს და არც ევროპის ცენტრალურ ბანკს საპროცენტო განაკვეთები არ შეუცვლიათ, ჩვენც ველოდით, რომ მაისში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამდა. მით უმეტეს, რომ ივნისი, ივლისი და აგვისტო მაინც ტურისტული სეზონია და შესაბამისად უფრო მეტად შეიძლება სექტემბერში გვქონოდა პირველი ცვლილება. თუმცა ეროვნულმა ბანკმა რაღაცნაირად პრევენცია მოახდინა“, - აღნიშნა დავით რუსიამ.
საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორის შეფასებით, გლობალურ მონეტარულ პოლიტიკაში საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინები ჯერჯერობით სუსტდება, რადგან აშშ-ში ინფლაცია 3.8%-ის დონეზე რჩება და ფედერალური რეზერვის 11-12 ივნისის სხდომაზე განაკვეთის შემცირება ნაკლებად მოსალოდნელია. მისი თქმით, მსგავსი ტენდენციაა ევროპაშიც, სადაც ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან პოლიტიკის შერბილების ნაცვლად ახალი გამკაცრების სცენარებიც განიხილება. რუსიას შეფასებით, არსებული პირობები დოლარულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების გაიაფებას არ უნდა გვაძლევდეს მოლოდინს, ხოლო დამატებითი გაურკვევლობა, მათ შორის ჰორმუზის სრუტის გარშემო არსებული გეოპოლიტიკური რისკები, გლობალურ ბაზრებზე სტაბილურობის პერსპექტივას კიდევ უფრო ამცირებს.