საქართველოს ბიზნეს ასოციაცია: სებ-ის დღევანდელი გადაწყვეტილებები დროული და ადეკვატურია
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ( BAG) ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას ეხმაურება და განმარტავს, რომ სებ-ის გადაწყვეტილებები დროული და ადეკვატურია, მათ შორის არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობის 4 წლამდე გაზრდა; უცხოურ ვალუტაში შემოსავლის მქონე პირებისთვის შესაძლებლობის გაჩენა მიიღონ დაკრედიტება უცხოურ ვალუტაში და სხვა.
„როგორც ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, "ბანკების კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები, აქტივების გაუმჯობესებული ხარისხი და საკრედიტო აქტივობის მდგრადი დონე, რაც, თავის მხრივ, მშპ-ის პოტენციური ზრდისა და ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის თანაზომიერია, მიუთითებს იმაზე, რომ ფინანსური სექტორი ინარჩუნებს მდგრადობას და შეუფერხებლად განაგრძობს ეკონომიკის დაკრედიტებას.
ამ პოზიტიურ ფონზე, მიგვაჩნია, რომ დროული და ადეკვატურია ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილებები, მათ შორის არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობის 4 წლამდე გაზრდა; უცხოურ ვალუტაში შემოსავლის მქონე პირებისთვის შესაძლებლობის გაჩენა მიიღონ დაკრედიტება უცხოურ ვალუტაში და სხვა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ბუნებრივია, გააგრძელებს პროფესიულ კომუნიკაციას და კონსტრუქციულ დიალოგს საქართველოს ეროვნულ ბანკთან. დადებითი დინამიკის კვალდაკვალ საჭირო იქნება დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, რაც მიმართული უნდა იყოს ეკონომიკის დაკრედიტების შემდგომ გაფართოებასთან, ლიკვიდობის ზრდასთან, საპროცენტო განაკვეთების შემცირებასა თუ ბიზნესის წინაშე მდგარ სხვა ამოცანებთან.
ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილება პოზიტიური სიგნალია როგორც ბიზნესისთვის, ასევე ადგილობრივი თუ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის", აცხადებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.