საქართველოს ეროვნული ბანკი ქალების გაძლიერების პროგრამას იწყებს
ფინანსური განათლების ამაღლებაზე ზრუნვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, სწორედ ამ მიზნით, გასულ წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. 2023 წლიდან ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტით რამდენიმე ახალი მიზნობრივი სეგმენტი განისაზღვრა. მათ შორის არიან ქალები.
კვლევებით დასტურდება, რომ ფინანსური ცოდნის კომპონენტში ქალები კაცებთან შედარებით დაბალ შედეგებს აჩვენებენ. ასევე, განსხვავებულია მათი ეკონომიკური აქტივობისა და ანაზღაურების მაჩვენებლები.
საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ფინანსური განათლების აქტივობები ხელს უწყობს ქალთა ფინანსური და ეკონომიკური შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენასა და მათი თავდაჯერებულობის ამაღლებას.
სწორედ ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი ქალებისთვის ახალ საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია შემეცნებითი აქტივობები, კამპანიები, კონკურსები, ონლაინ და ბეჭდური საგანმანათლებლო მასალების შექმნა და გავრცელება.
ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ფინანსური განათლების პირველ ვებ-პორტალს - www.finedu.gov.ge.
დაინტერესებული მხარეებისგან მოსაზრებებისა და შემოთავაზებების, კომენტარებისა და რეკომენდაციების გაზიარება შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@finedu.gov.ge.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.