საქართველოს ეროვნული ბანკი წელს პირველად მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ ფინტექ ფესტივალზე მონაწილეობს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, სებ-ის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის გუნდთან ერთად, სინგაპურის ფინანსური ტექნოლოგიების ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
სინგაპურის ფინტექ ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინტექ გამოფენაა. გამოფენა ფინანსური ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს - ინვესტორებს, ანტრეპრენერებს, ექსპერტებსა და რეგულატორებს - საშუალებას აძლევს ერთმანეთთან დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები, გაცვალონ ხედვები და გამოცდილება, მოიზიდონ ინვესტორები და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოფიციალური დელეგაცია წელს პირველად არის წარმოდგენილი ამ ფესტივალზე, მთავარი გზავნილით - ფინანსური ტექნოლოგიები და შუა დერეფნის განვითარების იმპულსი.
საქართველოს ეროვნულ ბანკს ფინტექ ფესტივალზე საკუთარი საგამოფენო სივრცე ექნება, სადაც სებ-თან ერთად, თანამონაწილის სტატუსით "საქართველოს ბანკი" და ქართული ფინტექ სტარტაპი "ფეივი" იქნებიან წარმოდგენილნი.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავასა და ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსის, ვარლამ ებანოიძის სამუშაო შეხვედრები, მათ შორის - პანელური დისკუსიები, რეგულაციების მასტერკლასი და ინვესტორებთან შეხვედრები.
სინგაპურის ფინტექ ფესტივალი უმსხვილეს საკონფერენციო და საგამოფენო სივრცეში Singapore EXPO-ში იმართება და წელს მსოფლიოს 140 ქვეყნიდან 60 ათასამდე მონაწილე დაესწრება.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.