საქართველოს მსხვილი კომერციული ბანკები საერთაშორისო სანქციებს მხარს უჭრენ
საქართველოს 6 მსხვილი კომერციული ბანკი აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციების მხარდაჭერას განაგრძობენ.
ამის შესახებ შესაბამისი განცხადებები „საქართველოს ბანკმა“, ლიბერთი ბანკმა, ტერამ, ბაზის ბანკმა, პროკრედიტბანკმა და თიბისი ბანკმა გაავრცელეს.
კომერციული ბანკები აცხადებენ, რომ შესაბამისობაში არიან იმ მოთხოვნებთან, რაც საერთაშორისო სანქციებით რეგულირდება.
"ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას", - ამის შესახებ Business Insuder Georgia-ს "საქართველოს ბანკში" განუცხადეს.
სს ლიბერთი ბანკი სრულ შესაბამისობაში არის და იქნება საქართველოს საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებისა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან, - აცხადებენ კომერციულ ბანკში.
"ჩვენ, როგორც ევროპული ბანკი და საერთაშორისო საბანკო ჯგუფის წევრი, განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგებით მსგავს საკითხებს და მუდმივად შესაბამისობაში ვართ იმ მოთხოვნებთან, რაც საერთაშორისო სანქციებით რეგულირდება", - აცხადებენ ProCredit Bank-ში.
მანამდე,ანალოგიური განცხადება, თიბისი ბანკმა, ტერა ბანკმა და ბაზის ბანკმა გაავრცელეს.
19 სექტემბერს სებ-მა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. რომლის თანახმადაც სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა.
18 სექტემბერს სებ-ის გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" შეეზღუდა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 18 სექტემბერს გამოეხმაურა ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.