საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა დანიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ სებ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენილი ნათია თურნავა დანიშნა.
ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვეტილება სებ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ნათია თურნავას წარდგენასთან დაკავშირებით დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო.
ნათია თურნავა 2023 წლის ივნისიდან ამ დრომდე სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციებს იკავებდა. 2022 წლის ივნისიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია.
ნათია თურნავას პროფესიით ეკონომისტია, ფლობს ეკონომიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა, დიდი ბრიტანეთის ქამბრიის უნივერსიტეტში კი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო. გავლილი აქვს სწავლება ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში, ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში (JVI) და სხვა ინსტიტუტებში. იყო თბილისის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი.
წლების განმავლობაში ნათია თურნავას მაღალი თანამდებობები ეკავა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მანამდე კი მინისტრის პირველი მოადგილე. ის ასევე გახლდათ სახელმწიფო „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
აღსანიშნავია, რომ სებ-ის ისტორიაში ნათია თურნავა გახდა პირველი ქალი, რომელიც პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს.
სხვა სიახლეები
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები
18.09.2026.14:36
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.
საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.
აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.
მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.
საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას