საქართველოს საბანკო ასოციაციამ სხვადასხვა ქვეყნების საბანკო ასოციაციებს უმასპინძლა
დღეს საქართველოს საბანკო ასოციაციამ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისთან (IFC) და IFC-ის მხარდაჭერით მოქმედ მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან ერთად (SBFN) სხვადასხვა ქვეყნის საბანკო ასოციაციებს უმასპინძლა. შეხვედრა მდგრადი დაფინანსებისა და გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის (ESG) თემას მიეძღვნა. ღონისძიება IFC-ის პარტნიორ შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოსთან (SECO) თანამშრომლობით ჩატარდა.
უკვე წლებია საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთხმად აღიარა მდგრადი განვითარების მიზნებისა (SDG) და კლიმატის ცვლილებაზე პარიზის შეთანხმების მნიშვნელობა და კერძო სექტორის გადამწყვეტი როლი მათ მიღწევაში.
საქართელოს საბანკო სექტორი მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაციის კუთხით მოწინავეა რეგიონში და ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონს გარეთ.
2022 წელს საქართველოს საბანკო ასოციაცია მდგრადი საბანკო საფინანსო ქსელის (SBFN) წევრი გახდა, ხოლო 2023 წელს IFC და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ESG მიმართულებით ინსტიტუციონალური გაძლიერება მოახდინა.
შეხვედრის მიზანი პარტნიორ საბანკო ასოციაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება იყო. ღონისძიებაში სამხრეთ აფრიკის, მოდლოვას, სომხეთის, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის და სერბეთის საბანკო ასოციაციებმა მიიღეს მონაწილეობა. სამუშაო ნაწილს საქართველოს საბანკო ასოციაციის, IFC და SBFN წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
„საქართველოს საბანკო სექტორი არაერთი კუთხით არის მოწინავე რეგიონში და მის მიღმა, იქნება ეს ბიზნესისა თუ ეკონომიკის მხარდაჭერა, გაციფრულება, გამჭვირვალობა, მათ შორის ხაზგასასმელია მდგრადი დაფინანსებისა და ESG მიმართულების ინტეგრაცია“, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა.
„დღეს ჩვენ სხვადასხვა ქვეყნების საბანკო ასოციაციებს ვმასპინძლობთ, რათა ჩვენი გამოცდილება გავაზიაროთ. გვჯერა, რომ გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს მონაწილე საბანკო ასოციაციებისა და მათი წევრი საბანკო ინსტიტუტების გაძლიერებას მდგრადი დაფინანსებისა და ESG მიმართულებით“, - აღნიშნა ლევან გოგოლაძემ, საქართველოს საბანკო ასოციაციის ESG მიმართულების კოორდნიატორმა.
IFC-ის ESG საკონსულტაციო პროგრამის უფროსმა ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთსა და პაკისტანში ქეროლაინ ბრაითმა აღნიშნა: „გამოცდილების გაზიარება IFC-ის საქმიანობის მთავარი შემადგენელი ნაწილია. დღევანდელი ღონისძიება ამ ძალისხმევის ნაწილია და მიზნად ისახავს ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას ESG სტანდარტების დანერგვაში. საბანკო ასოციაციები ცენტრალურ ბანკებთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ საქმეში. მოხარული ვართ, რომ საქართველოს საბანკო ასოციაცია ლიდერობს ამ სფეროში რეგიონში.“
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.