საკმაოდ ძლიერი წელი გვექნება, რაც ნიშნავს რომ უნდა გავაქტიურდეთ როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზრებზე - ანა ნაჭყებია
საქართველოს საპენსიო ფონდის პორტფელმა 2026 წელი პოზიტიური დინამიკით დაიწყო, აქციების ბაზრებზე გაუმჯობესებული მოლოდინების ფონზე ფონდი ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს, ხოლო 2025 წელს მიღებულმა დაახლოებით 1.4 მლრდ ლარის კონტრიბუციებმა და 800 მლნ ლარის მოგებამ აქტივების მოცულობა მნიშვნელოვნად გაზარდა. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ნაჭყებიამ განაცხადა ფონდი 2026 წელსაც ძლიერი კონტრიბუციების მოლოდინშია.
„ჩვენთვის 2026 წელიც საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო. გვქონდა დინამიკური პორტფელი წელსაც, ორი თვის მონაცემებითაც ინარჩუნებს ლიდერობას და ამას აქციების ბაზარი უწყობს პირველ რიგში ხელს. აქციების ბაზარზე ზოგადად ბევრი საუბარი იყო რომ რამდენად იყო ეს ხელოვნური ინტელექტის კომპანიების ფასები ადეკვატური, ხომ არ უნდა ველოდოთ ეკონომიკურ კრიზისს ამერიკაში, ევროპაში, თუმცა ამ ეტაპზე მოლოდინები ზოგადად ფინანსურ ბაზრებზე გაუმჯობესებულია, ეს შიში რეცესიის აღარ არის და მოლოდინი აქციების ბაზრების მიმართ საკმაოდ სტაბილური და პოზიტიურია. თუმცა არ გამორიცხავს ეს ვოლატილობას წლის განმავლობაში, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ ხოლმე. რაც შეეხება საქართველოში, ჩვენ საკმაოდ მაღალი ტემპით ვიზრდებით, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ეკონომიკურ აქტივობასთან.
მაგალითად, მხოლოდ 2025 წელს ერთის მხრივ 800 მილიონი ლარის მოგება დავწერეთ, თუმცა მეორეს მხრივ დაახლოებით 1.4 მილიარდი ლარის კონტრიბუციები მივიღეთ მონაწილეებისგან. ეს რიცხვი დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი წინა წლის მონაცემთან შედარებით, რაც ნიშნავს რომ იმ კომპანიების რაოდენობა, იმ ადამიანების რაოდენობა რომლებიც ჩვენთან კონტრიბუციებს აკეთებდნენ ან მათი ხელფასი გაიზარდა და ხელფასების ზრდის მიმართულებითაც პოზიტიური ტენდენცია გვქონდა, ან თვითონ რაოდენობა გაიზარდა იმ კომპანიების რომლებიც ჩვენი სქემის წევრი გახდნენ და ამან პირდაპირ გავლენა იქონია ჩვენი აქტივების მოცულობაზე.
2026 წელსაც მოლოდინი საკმაოდ პოზიტიური გვაქვს და ჩვენ კონტრიბუციების ჭრილშიც ველოდებით რომ კიდევ ერთი საკმაოდ ძლიერი წელი გვექნება, რაც ნიშნავს რომ უნდა გავაქტიურდეთ როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზრებზე ინვესტირების მიმართულებით და აქაც ვმუშაობთ ფინანსური ბაზრების წარმომადგენლებთან, როგორც ეროვნულ ბანკთან, ეკონომიკის სამინისტროსთან ადგილობრივ წარმომადგენლებთან და ვმუშაობთ დივერსიფიკაციის პროდუქტებზე რათა შევძლოთ კიდევ უფრო საინტერესო, უსაფრთხო აქტივებში ინვესტიცია განვახორციელოთ“, - განაცხადა საქართველოს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა.
სხვა სიახლეები
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები
18.09.2026.14:36
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.
საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.
აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.
მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.
საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას