საკრედიტო დაფინანსება და ზრდა საკმაოდ ნორმალურია - ვახტანგ ბუცხრიკიძე
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საკმაოდ ნორმალური დაკრედიტების ტემპია.
„საკრედიტო დაფინანსება და ზრდა საკმაოდ ნორმალური არის. გასული არის დაახლოებით 5 თვე. რა თქმა უნდა ზუსტი განსაზღვრა რთულია, მაგრამ პირადად ჩვენი მოლოდინები დაახლოებით 12 %-ის ფარგლებშია. ეს 12 % არის გადანაწილებული, როგორც ფიზიკური პირების, ასევე მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის ფარგლებში და რა თქმა უნდა ინდუსტრიების მიხედვით შეიძლება განსხვავებული ზრდა იყოს.
რაც შეეხება დეველოპერულ ბიზნესს ბოლო 2-3 თვე საკმაოდ იმედისმომცემია. რაღაც ჩავარდნის ეტაპი იყო შარშან დეკემბრის თვეში, იანვრის თვე შედარებით უკეთესი იყო, ხოლო ახლა რაც გვაქვს მონაცემები მარტში და აპრილში კარგი მაჩვენებლები იყო. დავაკვირდებით მაისის მაჩვენებლებს“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.