სამომავლოდ სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებისას, რისი წინაპირობებიც სახეზეა, კერძო სექტორის რეიტინგიც უფრო უკეთესი იქნება - ოთარ ნადარაია
„ზოგადად საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება, როგორც ქვეყნისათვის, ასევე ფინანსური თუ სხვა ინდუსტრიაში ოპერირებადი ბიზნესისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს მაჩვენებელი ასახავს რისკიანობას და შესაბამისად ზეგავლენას ახდენს მოზიდული სახსრების ღირებულებაზე“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს თიბისის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განუცხადა. მისი თქმით, ეს კი, თავის მხრივ, უკვე აისახება როგორც ბიზნესზე, ასევე მოსახლეობაზე უფრო მიმზიდველი საპროცენტო განაკვეთების კუთხით.
„უნდა აღინიშნოს, რომ სარეიტინგო სააგენტოების შეფასების მეთოდოლოგიის მიხედვით, ბანკების, სხვა კომპანიების რეიტინგი დიდწილად დამოკიდებულია ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე. საკუთრივ, კერძო სექტორის რეიტინგი სუვერენულზე მაღალი ვერ იქნება. ისევე, როგორც, რეიტინგის გაუმჯობესება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და არაერთი წლის განმავლობაში გრძელდება.
თავისთავად, საქართველოს შემთხვევაშიც მსგავსი ვითარებაა. ამასთან, დაზუსტების კუთხით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის მიერ მოხდა არა რეიტინგის გაუმჯობესება, არამედ არსებული რეიტინგის დადასტურება და ე.წ. პერსპექტივის, ანუ მოლოდინის, ნეგატიურიდან სტაბილურისაკენ ცვლილება. ეს პირველ რიგში სწორედ საქართველოს სუვერენულ რეიტინგს შეეხო და აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულად ავტომატურად, მოხდა თიბისისა და სხვა ბანკების პერსპექტივის ანალოგიური გაუმჯობესება. შესაბამისად, სამომავლოდ სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებისას, რისი წინაპირობებიც ჩვენი აზრით სახეზეა, შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ კერძო სექტორის რეიტინგიც უფრო უკეთესი იქნება“ - აღნიშნავს თიბისის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია.
Moody's რეიტინგულმა სააგენტომ (Moody's) დღეს დაადასტურა სს საქართველოს ბანკის (საქართველოს ბანკი) და სს თიბისი ბანკის (თიბისი ბანკი) გრძელვადიანი დეპოზიტების Ba2 რეიტინგი, ასევე სს ლიბერთი ბანკის (Liberty) გრძელვადიანი დეპოზიტების Ba3 რეიტინგი და შეცვალა მისი რეიტინგული შეფასება უარყოფითიდან სტაბილურზე.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.