სანქციადაკისრებული პირის მონაწილეობით ტრანზაქცია არ დაფიქსირებულა - სებ
ეროვნული ბანკი ეხმაურება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სანქცირებულმა რუსულმა „სბერბანკმა" თავისი ანგარიშებიდან ქართულ ბანკებში გადარიცხვები დაიწყო.
„გაცნობებთ, რომ 2022 წლის 26 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით ფინანსურ სექტორს დაევალა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოთხოვნათა შესრულება.
სანქციების მოთხოვნათა დაცვის და ამ კუთხით გასატარებელი სხვა ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ვალდებულებები, ასევე, განისაზღვრა "საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 5 აგვისტოს №208/04 ბრძანებით. შესაბამისად, საქართველოს საბანკო სექტორი ვალდებულია დანერგოს ღონისძიებები სანქციათა რეჟიმების გვერდის ავლის აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით.
ამასთან, "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული ბანკი რეგულარულად ამოწმებს საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენელს, რაც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს სანქციების მოთხოვნათა შესრულების კონტროლს. აღსანიშნავია, რომ კომერციულ ბანკებს დანერგილი აქვთ ეფექტური მექანიზმები სანქციადაკისრებული პირების იდენტიფიცირებისა და ოპერაციების შეჩერებისთვის. განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში, სანქციადაკისრებული პირის მონაწილეობით ტრანზაქცია არ დაფიქსირებულა.
ეროვნული ბანკი ახორციელებს საკითხის დამატებით მოკლვევას“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.