საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელის 43.4% ჩრდილოეთ ამერიკაშია ინვესტირებული
საპენსიო სააგენტო აქციების პორტფელის მიმოხილვას ავრცელებს . სააგენტოს მონაცემებით, 2023 წელი გლობალური აქციების ბაზრებისთვის საკმაოდ კარგი აღმოჩნდა. დადებითი დინამიკა შენარჩუნდა დეკემბერშიც და ძირითადმა საფონდო ინდექსებმა დაბალი ერთნიშნა ზრდა დააფიქსირეს.
განსაკუთრებით კარგი აღმოჩნდა 2023 წელი ლათინური ამერიკის აქციებისთვის, რომლებიც 2023 წელს 25.1%-ით გაიზარდნენ. საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში 8.3% ლათინური ამერიკის კომპანიებზე მოდის.
31 დეკემბრის მდგომარეობით გლობალური აქციების წილი ჯამურ საპენსიო აქტივებში 19.2% იყო. საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელის 43.4% ჩრდილოეთ ამერიკაშია ინვესტირებული, 18.5% განვითარებული აზიის რეგიონში, ხოლო 17.6% ევროპაში.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.