ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნამ 5.5-ჯერ გადააჭარბა გამოშვებული ობლიგაციების რაოდენობას, რაც საერთაშორისო ბაზარზე ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესის დადასტურებაა - ოთარ შარიქაძე
2021 წლის შემდეგ საქართველო წარმატებულად დაბრუნდა საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს თიბისი კაპიტალის დირექტორმა ოთარ შარიქაძემ განუცხადა. მისი თქმით მოთხოვნამ 5.5-ჯერ გადააჭარბა გამოშვებული ობლიგაციების რაოდენობას, რაც საერთაშორისო ბაზარზე ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესის დადასტურებაა.
„მოხარული ვარ, რომ თიბისი კაპიტალი, როგორც N1 საინვესტიციო ბანკი საქართველოში, ამჯერადაც ჩართული იყო 500 მილიონი დოლარის სახელმწიფო ევროობლიგაციების ემისიაში. მნიშვნელოვანია, რომ ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნამ 5.5-ჯერ გადააჭარბა გამოშვებული ობლიგაციების რაოდენობას, რაც საერთაშორისო ბაზარზე ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესის დადასტურებაა. ეს პოზიტიური სიგნალია ადგილობრივი კერძო კომპანიებისთვისაც, რომლებსაც სურთ, ფინანსები საერთაშორისო ბაზარზე მოიზიდონ. ამაში კი თიბისი კაპიტალის, როგორც საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე ყველაზე აქტიური ქართული საინვესტიციო ბანკის, გამოცდილება მნიშვნელოვნად დაეხმარებათ“, - განმარტავს ოთარ შარიქაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით განახორციელა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვება ლონდონის საფონდო ბირჟაზე - კუპონის განაკვეთი დაფიქსირდა 5.125% ოდენობით. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე გამოშვებისას დაფიქსირებული კუპონი, ევროობლიგაციების ბაზრისთვის ყველაზე დაბალი განაკვეთია საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის, ბოლო 4 წელიწადში.
ახლად გამოშვებული ევროობლიგაციებით განხორციელდა 2021 წლის ობლიგაციების რეფინანსირება. გარდა მოზიდული ფინანსური რესურსისა, ახალი ევროობლიგაციის გამოშვება, მნიშვნელოვანია ორი ფაქტორის გამო: ის განსაზღვრავს ქვეყნის რისკის დონეს, ზომავს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებასა და ნდობას ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მიმართ.
სხვა სიახლეები
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები
18.09.2026.14:36
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.
საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.
აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.
მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.
საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას