სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსის არსებითი ცვლილება არ იკვეთება - თიბისი კაპიტალი
დეკემბრის წმინდა სავალუტო შემოდინებები კვლავ გაუმჯობესდა. თიბისი კაპილატის წინასწარი შეფასებებით, ეს ძირითადად ტრადიციული ტურიზმის მატებით იყო გამოწვეული მაშინ, როდესაც მიგრაციის ეფექტი მცირედით, მაგრამ, როგორც ჩანს, კვლავ შემცირდა.
„ამასთან, უკვე იანვრის დეპოზიტების ყოველდღიურ დინამიკაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. ლარის სეზონური გაუფასურების მოლოდინები, თავისთავად, ბოლოდროინდელი გარკვეული გამყარების გამო შეიცვალა. საკუთრივ, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, იანვარში დეკემბერთან მიმართებით უკვე ლარის დეპოზიტების ზრდა ვალუტასთან შედარებით ჭარბობს. ეს კი, ხშირად, მოლოდინების საკმაოდ აკურატული საზომია.
ამ ფონზე, უნდა ველოდოთ თუ არა ლარის დამატებით გამყარებას? ამ მხრივ, სავალუტო შემოდინებებსა და სენტიმენტებთან ერთად, თიბისი კაპიტალის ლარის გაცვლითი კურსის ჩარჩოს კიდევ დამატებით 2 კომპონენტია გასათვალისწინებელი. კერძოდ, დაბალი ინფლაცია და ბოლო პერიოდში საკმაოდ გამყარებული ლარის საშუალო კურსი, რაც ზოგიერთი ინდუსტრიისათვის კონკურენტუნარიანობის კუთხით, შესაძლოა მხოლოდ გარკვეულ, მაგრამ მაინც გამოწვევას წარმოადგენს. ამდენად, მართალია სებ-ის დეკემბრისა და იანვრის სავალუტო ინტერვენციების შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არაა ხელმისაწვდომი, თუმცა ვფიქრობთ, რომ სექტემბერ-ნოემბერში 169.4 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვის შემდეგ, კვლავ აშშ დოლარის შესყიდვის მიმართულებით ინტერვენციები უფრო მოსალოდნელია, ვიდრე ლარის მატერიალური გამყარება“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
თიბისი კაპიტალის განმარტებითვე, ბევრია დამოკიდებული ევროსა და სხვა რეგიონული ვალუტების დინამიკაზე.
„ამ მხრივ, აღსანიშნავია თურქული ლირის დამატებით დასუსტება, თუმცა, ამავდროულად, რუსული რუბლის გამყარება. მთლიანობაში, ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით, ბოლო პერიოდში ლარის საშუალო გაცვლითი კურსის არსებითი ცვლილება არ იკვეთება“, - აცხადებენ თიბისი კაპიტალში.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.