სებ-ი და საბანკო სექტორი ცდილობს, რომ ჰაბად გადააქციოს საქართველო - დავით რუსია
საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორის, დავით რუსიას განცხადებით, საბანკო სექტორში ყველაზე მაღალი კონკურენცია დღეს სადეპოზიტო ბაზარზე, განსაკუთრებით კი ლარის რესურსზეა. მისი თქმით, მოქალაქეებსა და კომპანიებს, რომლებსაც დანაზოგის შესაძლებლობა აქვთ, შეუძლიათ ისარგებლონ ბანკების შეთავაზებებით და თანხები როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში განათავსონ. დავით რუსიას ინფორმაციით, ამჟამად სადეპოზიტო პორტფელის დაახლოებით 54% ლარშია განთავსებული.
„პოტენციურ დეპოზიტარს შეუძლია თანხა რამდენიმე ბანკში გადაანაწილოს. დღესდღეობით ყველაზე მძაფრი კონკურენცია მაინც სადეპოზიტო ბაზარზეა, განსაკუთრებით - ლარის რესურსზე. ამიტომაც, თუ იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს აქვთ გარკვეული თავისუფალი სახსრები, რომელთა დაზოგვაც შეუძლიათ, მოვუწოდებ, ისარგებლონ საბანკო სისტემის შემოთავაზებებით და განათავსონ ისინი როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში. რეალურად, სადეპოზიტო პორტფელის დაახლოებით 54% დღეს ლარშია. დოლარში 34%-ია, ხოლო ევროში დაახლოებით 10%-ის ფარგლებში. თუმცა აპრილმა საკმაოდ საინტერესო ტენდენცია გამოკვეთა - დეპოზიტების მოცულობა დირჰამებში გაიზარდა - ბანკებმა მომხმარებელს დეპოზიტების დირჰამებში განთავსებაც შესთავაზეს.
სასწაული მაჩვენებელი არ არის, მაგრამ თვითონ პროცენტული ზრდის მაჩვენებელი 300-350%-ს უტოლდება, ეს ნიშნავს, რომ გარკვეულმა ინვესტორთა ჯგუფმა ჩათვალა რომ საქართველოში ამ თანხების დაბანდება შესაძლებელი იყო. ვიცით, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და ქართული საბანკო სექტორი ცდილობს, რომ გარკვეულ ჰაბად გადააქციოს საქართველო. ამას, რა თქმა უნდა, წინ დიდი შრომა უძღოდა, თუმცა კიდევ ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. კაპიტალი ყოველთვის ისეთი დიდი ბაზრებისკენ მიისწრაფვის, როგორიც, ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატებია, მით უმეტეს, რომ მათი ხელისუფლებაც მოუწოდებს ინვესტორებს: „მოდით ჩვენთან, ჩვენთან დაცული იქნებით“. ამიტომ, თუ კაპიტალის გარკვეული ნაწილი ჩვენთანაც დარჩება და მთლად ოკეანის გაღმა არ წავა, ეს ძალიან მისასალმებელი იქნება“, - აღნიშნა საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა.
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს
30.07.2026.12:47
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.
მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.
ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.