სებ-ი დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთის 9.75%-ის დონეზე შეამცირებს - Galt & Taggart-ი
Galt & Taggart-მა რეფინანსირების განაკვეთის პროგნოზი განაახლა. საქართველოს წამყვან საინვესტიციო ბანკში მიიჩნევენ, რომ დეკემბერში სებ-ი რეფინანსირების განაკვეთის 9.75%-ის დონეზე შეამცირებს.
„ინფლაცია დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება და სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.7% შეადგინა. ინფლაციის შემცირებაზე იმპორტირებული და შერეული საქონლის ფასების კლება მოქმედებს. ასევე, აღსანიშნავია ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ფასების ზრდის ტემპის შენელებაც. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10.0%-ზე დატოვა 2023 წლის 25 ოქტომბრის სხდომაზე, რადგან რეგულატორი ინფლაციის პროგნოზის კუთხით დამატებით გაურკვევლობას ხედავს მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.
შესაბამისად, განვაახლეთ რეფინანსირების განაკვეთის პროგნოზი და 2023 წლის დეკემბერში ველოდებით 9.75%-ის დონეზე, ხოლო 2024 წლის ბოლოსთვის 8.75%-მდე შემცირებას ვპროგნოზირებთ, რაც 25 საბაზისო პუნქტით აღემატება ჩვენს წინა პროგნოზს“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების შეფასების დოკუმენტში.
სრული კვლევა იხილეთ აქ
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.