სებ-ი მომავლისკენ ორიენტირებული რეგულატორია, რომელიც ციფრული აქტივების წახალისებას ცდილობს - სალიმ დანანი
საქართველოს მომავლისკენ ორიენტირებული ეროვნული ბანკი ჰყავს - აღნიშნული სფერო ძალიან კარგ ხელშია - ამის შესახებ “პეივ ბანკის” თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა სალიმ დანანმა გადაცემა “ბიზნესი რუსთავი 2-ზე” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკი მხარს უჭერს “პეივ ბანკს”.
“მე არაერთი ქევყნის რეგულატორთან მქონია შეხება ჩემი კარიერის განმავლობაში და თქვენ, ქვეყანაში მომავლისკენ ორიენტირებული მარეგულირებელი გყავთ. ყველაფერს ოპერაციულად ეფექტურს ხდიან, ბიზნესისთვის ქმნიან ინსტრასტრუქტურას და ციფრული აქტივების წახალისებას ცდილობენ.
ისინი გვისმენენ და მხარს გვიჭერენ. ჩვენი ციფრული კომპანიისთვის ეს არის ძალიან კრიტიკული და ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ დავფუძნდით საქართველოში და ამიტომ ვაშენებთ ურთიერთობებს ამ ქვეყანაში”, - განაცხადა სალიმ დანანმა.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის უახლეს ციფრულ ბანკებს - "ჰეშს" და "პეივ ბანკს" კოდები მიანიჭა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული კოდებით ციფრული ბანკები ადგილობრივ და საერთაშორისო გადარიცხვებში მონაწილეობას მიიღებენ.
საქართველოს საბანკო სისტემა ჯამში 18 კომერციული ბანკით არის წარმოდგენილი, მათ შორის 3 ციფრული ბანკია. სებ-ი რისკებისადმი ტექნოლოგიურად ნეიტრალურ საზედამხედველო მიდგომას და ღია რეგულირების პრინციპებს ნერგავს. ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით კი ცენტრალური ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ინოვაციური ბიზნეს მოდელების განვითარებას; ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას; ტექნოლოგიურ კომპანიებთან ინტეგრაციის გამარტივებას და საფინანსო სექტორში ახალი ტექნოლოგიური მოთამაშეების შემოსვლით კონკურენციის ზრდას.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.