სებ-ის ხელშეწყობით საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები პირველად გამოქვეყნდა და ხელმისაწვდომი გახდა „ბლუმბერგისა“ და ICE_ის გლობალურ პლატფორმებზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშეწყობით, პირველად გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები და ხელმისაწვდომი გახდა როგორც ბლუმბერგის (Bloomberg IND), აგრეთვე ინდექსების პროვაიდერი კომპანიის პორტალის (https://indices.ice.com/) მეშვეობით. უახლოეს ხანებში ამ ინდექსების ძირითადი პარამეტრები ხელმისაწვდომი გახდება ეროვნული ბანკის ვებგვერდის მეშვეობითაც.
ამიერიდან, ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს შეეძლებათ მაქსიმალური გამჭირვალობით თვალი ადევნონ და გააანალიზონ საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის მომგებიანობა/შემოსავლიანობა, რისკ-მახასიათებლები და სხვა მაჩვენებლები.
საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსების გამოქვეყნებით პირველად ისტორიაში:
ინდექსები Intercontinental Exchange (ICE)-ის მიერ გამოქვეყნდა, რომელიც ფინანსური ბაზრის მონაცემებისა და ინდექსების ერთ-ერთი უმსხვილესი გლობალური მიმწოდებელია. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ICE-ის ჯგუფში შედის მრავალი ცნობილი საფონდო ბირჟა და ქლირინგული ორგანიზაცია, მათ შორის ისეთი, როგორიცაა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ჯგუფი (NYSE Group), აგრეთვე ფიუჩერსებისა და დერივატივების ბირჟები (ICE Futures US, Europe, Endex) და ქლირინგული ორგანიზაციები (ICE Clear US, Europe, Netherlands, Singapore).
დღეს ICE მართავს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ყოვლისმომცველ ინდექსთა პლატფორმას, რომელიც მოიცავს ათასობით სუვერენულ, კორპორაციულ და განვითარებადი ბაზრების ინდექსს. მისი მეთოდოლოგიური სიზუსტე და გლობალური აღიარება მას საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ინდექსების პლატფორმად აქცევს.
საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების შვიდი ინდექსი ამოქმედდა:
„All Maturity“ ინდექსი მოიცავს 10 წლამდე ვადიანობის მქონე საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სრულ სპექტრს, ხოლო „ICE Georgia Government Index“ კი 1 წლიდან 10 წლამდე ვადიანობით ყველა ობლიგაციას.
ძირითად ორ ინდექსთან ერთად აგრეთვე გამოქვეყნდა ვადიანობის მიხედვით დაჯგუფებული ინდექსები (0-1 წლამდე, 1-3 წლამდე, 3-5 წლამდე, 5-7 წლამდე და 7-10 წლამდე), რაც ინვესტორებს საშუალებას აძლევს, თვალი ადევნონ შემოსავლიანობის მრუდის კონკრეტულ სეგმენტებსა, დურაციის მაჩვენებლებს და ინვესტირება შესაბამისად განახორციელონ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსების გამოქვეყნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარების გზაზე.
„ამ ინდექსების დანერგვა საქართველოს ფინანსური სისტემის სტრუქტურულ წინსვლას ნიშნავს და მნიშვნელოვნად ზრდის ბაზრის გამჭვირვალობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას. ეს ამარტივებს პორტფელის ფორმირებას და აახლოებს საქართველოს ობლიგაციების ბაზრის ინფრასტრუქტურას საუკეთესო გლობალურ პრაქტიკასთან. მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო ბენჩმარკების დანერგვა ხელს შეუწყობს მეორადი ბაზრის განვითარებას, გააძლიერებს ინვესტორთა ნდობას და გააუმჯობესებს მონეტარული პოლიტიკის ტრანსმისიის ეფექტურობას. საქართველოს ეროვნული ბანკი კვლავაც ერთგული რჩება თანამედროვე ფინანსური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისა და კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო დონეზე ინტეგრირებული კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნისადმი“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.
ინდექსების გამოქვეყნებაზე მუშაობა სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტმა 2023 წელს დაიწყო როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ტექნიკური დახმარების მისიის რეკომენდაციებში გამოიკვეთა სახელმწიფო ობლიგაციების ადგილობრივი ინდექსის შექმნის აუცილებლობა, რაც თავისთავად მიზნად ისახავდა საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ბაზრის გაძლიერებას. სხვადასხვა გლობალური ინდექსების პროვაიდერებთან განხორციელებული კონსულტაციები, ტექნიკური სამუშაოებისა და მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.
ფიქსირებული შემოსავლის ინდექსებს, რომლის მეთოდოლოგიასაც საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები ეფუძნება, ხანგრძლივი ისტორია აქვს. ამ ჯგუფის პირველი ინდექსები, 1970-იან წლებში იწყება, როდესაც საინვესტიციო ბანკმა Merrill Lynch-მა ერთ-ერთმა პირველმა გამოაქვეყნა აშშ-ს სახაზინო ობლიგაციების ინდექსები, რომლებიც მალევე ბაზრებისთვის გლობალურ ეტალონად (Benchmark) იქცა.
მოგვიანებით, Merrill Lynch-ი შეისყიდა Bank of America-ამ და ინდექსების გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა როგორც Bank of America Merrill Lynch-ის ინდექსების ოჯახი, რომელსაც აქტიურად იყენებენ ცენტრალური ბანკები, აქტივების მმართველები და საპენსიო ფონდები მთელ მსოფლიოში. 2017 წელს ინდექსების ბიზნესი InterContinental Exchange-მა შეიძინა, რამაც კიდევ უფრო გააფართოვა მისი ტექნოლოგიური შესაძლებლობები.
სხვა სიახლეები
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები
18.09.2026.14:36
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.
საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.
აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.
მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.
საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას