სებ-ის აუქციონზე გამოტანილი $50 მილიონიდან $37 მილიონი გაიყიდა
2023 წლის 21 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი.
აუქციონზე გაიყიდა 37 150 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6884 შეადგინა.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
2023 წლის 20 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6841 შეადგინა.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ეროვნულმა ვალუტამ დღე გაუფასურებით დაიწყო და 12:00 საათისთვის ერთი ამერიკულ დოლარი 2.7000 ლარი ღირდა, თუმცა შემდეგ გამყარების ტრენდი დაფიქსირდა და 14:50 საათისთვის ერთი დოლარი 2.6875 ლარი ღირდა.
დღეს მოქმედი ოფიციალური კურსით 1 დოლარი - 2,675 ლარი, 1 ევრო - 2,8631 ლარი ღირს.
შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს სებ-მა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 18 სექტემბერს გამოეხმაურა ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა. კობახიძის თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.
20 სექტემბერს ეროვნული ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა დატოვა.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.